რა ხდება ნინოწმინდის ბავშვთა სახლში. "კურიერის" ინფორმაციით, პოლიციამ უკვე გამოკითხა პანსიონის ადმინისტრაცია. ამ დროისთვის თავშესაფარში 40-მდე ბავშვი რჩება. შენობა უკვე დატოვა 20-მა არასრულწოვანმა, მათ შორის 7 შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირია.
ნინოწმინდის პანსიონში შესულია World Vision Georgia-ს წარმომადგენელი, რომელიც ბოლო დღეების განმავლობში აკვირდება პროცესს. მისი ინფორმაციით, ჯერჯერობით მისთვის უცნობია, დღეს გავლენ თუ არა კიდევ ბავშვები პანსიონიდან. მისივე განცხადებით, აუცილებელია, რომ დიდი ზომის დაწესებულებები ეტაპობრივად დაიხუროს.
"კურიერმა" პანსიონის ბინადარ ბავშვებთან გასაუბრებაც შეძლო. მათი თქმით დაწესებულებაში დარჩენილი ბავშვები ჩვეულებრივ აგრძელებენ პანსიონში ცხოვრებას. არასრულწლოვანი ამბობს, რომ სოციალურ მუშაკს ისიც შეხვდა, თუმცა მასთან კითხვები არ ჰქონიათ, ის ასევე ადასტურებს პოლიციაში გამოკითხვასაც.
"კურიერთან" რაიმე ძალადობის ფაქტს უარყოფს პანსიონის ერთ-ერთი თანამშრომელიც.
ნინოწმინდის პანსიონთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა სახალხო დამცველმაც, ნინო ლომჯარია გაესაუბრა პანსიონის 6 აღსაზრდელს, რომლებიც ალტერნატიულ ზრუნვაში საკუთარი სურვილით გადავიდნენ.მისი ინფორმაციით, ბავშვებმა დეტალურად გაიხსენეს პანსიონატში ყოფნის პერიოდი, დასჯის მეთოდები და ფსიქოლოგიური ძალადობის ფაქტები. სახალხო დამცველის თქმით, ამ ეტაპზე მოძიებული იქნა ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ პანსიონში იმყოფებოდა 3 არარეგისტრირებული მოზარდი, რომელთა ასაკიც 5-6 წლამდე იყო. ომბუდსმენი არ გამორიცხავს რომ დაურეგისტრირებელი მოზარდების რაოდენობა შესაძლოა მეტი იყოს:
"ადასტურებენ, რომ ნამდვილად მათ მიმართ ჰქონდა ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ ძალადობას ადგილი პანსიონში ცხოვრების დროს, თუმცა ისინი ამბობენ, რომ ეს ძალადობა ძირითადად ხდებოდა მცირეწლოვნობის ასაკში, ანუ ასახელებენ 4 წლიდან 10 წლამდე პერიოდს. რაც შეეხება ძალადობის ფორმებს, ისინი ასახელებენ ერთი და იგივე ფორმას, ცალ ფეხზე დგომით და ხელში ეჭირათ სკამები, კვების გამოტოვება და აყურებინებდნენ, როგორ იკვებებოდნენ სხვები, რამდენიმე ღამის განმავლობაში უძილობა, ასევე ასახელებენ, რომ ფიზიკურ შეხებასაც ჰქონდა ადგილი, როგორც ხელით, ასევე ჯოხით," - აცხადებს ნინო ლომჯარია.