19 ნოემბერი 2024,   22:36
ვრცლად
დიდ ბიჭებს აძლევდნენ უფლებას, დაესიეთ, სცემეთო, ისე დალურჯებული ვიყავი 2 თვე სკოლაში ვერ მივედი - ნინოწმინდის პანსიონის ყოფილი ბინადარი

საათობით ცალ ფეხზე დგომა, სკამით ხელში გათენებული ღამეები, კვების გამოტოვება, ცემა - დასჯის სასტიკ მეთოდებზე ნინოწმინდის პანსიონის კიდევ ერთი ყოფილი ბენეფიციარი "კურიერთან" საუბრობს.

16 წლის ბიჭი ყვება, რომ ძალადობას სისტემური ხასიათი ჰქონდა და მსგავს ფაქტებს მალავდა ის საჯარო სკოლაც, რომელშიც თავშესაფრის ბავშვები სწავლობენ.

"რომ წამოვიზარდეთ უკვე მასწავლებლებს აღარ ვაძლევდით ხელის დარტყმის უფლებას. პატარები რომ ვიყავით დიდ ბიჭებს აძლევდნენ უფლებას, დაესიეთ, სცემეთო. ძალიან დალურჯებული ვიყავი სახეზე და სკოლაში სათვალით მივედი, პირბადე, ყველაფერი, რომ მეთქი არ გააზვიადონ და არ დამიწყონ კომენტარები-თქო. ამათმა ადგნენ და განცხადება დამაწერინეს, რომ ამბავი სკოლაში არ მოხდა, ოქმი დავწეროთ და სანამ სახე არ მოგირჩება, ნუ მოხვალო.

ისე დალურჯებული ვიყავი 2 თვის მანძილზე სკოლაში ვერ მივედი. მეუფემაც გაიგო და იმ ბიჭს გააკეთებინეს 10 მეტანია. ჩვენ ერთი შემთხვევა მეუფეს ვუთხარით და მასწავლებლები რომ გაუშვა, სხვა მასწავლებლებმა დაგვიწყეს ჩხუბი და ჩვენც "ვინუჟდენი" ვჩერდებოდით. კარგი მასწავლებელი ბევრი იყო, ყველა მასწავლებელს ხელს ვერ დავადებ ცოდვას ვერ ჩავიდენ," - აცხადებს ნინოწმინდის პანსიონის ყოფილი ბინადარი არასრულწლოვანი.

ჰქონდათ, თუ არა ინფორმაცია ძალადობის შესახებ იმ სკოლის მასწავლებლებს, სადაც ნინოწმინდის პანსიონის ბინადარი ბავშვები დადიოდნენ. გეოგრაფიის მასწავლებელი გურამ კენკიშვილი მსგავს ფაქტს უარყოფს და აცხადებს, რომ მას ბავშვებზე რაიმე ძალადობის ნიშნები არ უნახავს:

"საერთოდ არ მინახავს, მაგას დამტკიცება უნდა და გამოძიება დაადგენს. არ მოდიოდა ბავშვი,"- ამბობს მასწავლებელი.

ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებით, ნინოწმინდის პანსიონატში მიმდინარე პროცესების შესწავლისა და დარეგულირების მიზნით, ჯანდაცვის სამინისტროსა და სსიპ სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოსთან ერთად, საპატრიარქოს სპეციალური კომისიის და ბავშვზე ზრუნვის საკითხებზე მომუშავე საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები აქტიურ რეჟიმში აგრძელებენ მუშაობას.ყველა ღონისძიება ზემოაღნიშნული უწყებების აქტიური ჩართულობითა და კოორდინაციით ხორციელდება.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის დროებითი განჩინების აღსრულების პროცესი - ნინოწმინდის პანსიონატიდან შეზღუდული შესაძლებლობების სტატუსის მქონე ბავშვების გამოყვანის საკითხზე თანმიმდევრულად ხორციელდება. მიმდინარეობს მუშაობა დარჩენილი მოზარდების ზრუნვის ალტერნატიულ ფორმაში განთავსებაზეც. ამასთანავე, სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოს შესაბამისი სპეციალისტები ყველა გაყვანილ არასრულწლოვანთან ინდივიდუალურად აგრძელებენ მუშაობას.

დღის ამბები