ნინოწმინდის პანსიონში ბოლო დღეების განმავლობაში სახელმწიფო უწყების და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები აქტიურად შედიან, ბავშვების ნაწილს ოჯახებში აბრუნებენ ან სახელმწიფო ზრუნვაში გადაჰყავთ, ბავშვების სანახავად შენობაში შედიან მშობლებიც, მაგრამ "რუსთავი 2"-სთვის, რომელიც პანსიონში არსებულ პრობლემებზე პირველი ალაპარაკდა, კარი ჯერ კიდევ დახურულია.
პანსიონში გატარებულ წლებზე საუბარს უკვე აღარ გაურბიან ყოფილი ბენეფიციარები. ისინი მათი პრობლემების უგულებელყოფაში სკოლის ადმინისტრაციასაც ადანაშაულებდნენ.
თავშესაფრიდან გამოყვანილ ბავშვებს ომბუდსმენი პირადად შეხვდა და ესაუბრა. სახალხო დამცველი დარწმუნებულია, რომ უფრო მეტს, აღსაზრდელები ფსიქოლოგებთან მუშაობისას მოყვებიან.
პანსიონში, სადაც სოციალური მუშაკები ამ დრომდე მუშაობენ, დღის ბოლოს ახალქალაქი- კუმურდიოს ეპარქიის წინამძღვარი მეუფე ნიკოლოზიც ჩავიდა, როგორც თავად განმარტა, ჟურნალისტების აქტიურობის გამო პერიმეტრის გასაკონტროლებლად პატრული გამოიძახა, მიზეზად კი ის დაასახელა, რომ თავშესაფრის პატარა ბენეფიციარებს მედიის წარმომადგენლების და მათი პირდაპირი ჩართვის აპარატების ეშინიათ.
დღეის მდგომარეობით პანსიონიდან გამოყვანილია 20 არასრულწლოვანი, მათ შორის 7 შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე ბავშვია.
დაწესებულებაში რჩება 40-მდე ბენეფიციარი, რომელთა ბედიც ჯერჯერობით გაურკვეველია.