"სოციალური სამართლიანობის ცენტრს" ნამახვანჰესის ინვესტორ კომპანიასა და ეკონომიკის სამინსიტროს შორის თანამშრომლობის შესახებ კითხვები აქვს.
როგორც ორგანიზაციაში ამბობენ, უწყებიდან გამოთხოვილი დოკუმენტაციით დგინდება, რომ ეკონომიკის სამინისტრომ კომპანიას სამშენებლო დოკუმენტაციის წარდგენის ვადა კიდევ ერთი წლით გაუხანგრძლივა. ორგანიზაციის შეფასებით, სამინისტროს ეს გადაწყვეტილება "ენკა"-სთვის მინიჭებული კიდევ ერთი დაუსაბუთებელი შეღავათია, რაც ადასტურებს, რომ განცხადებები პროექტის სათანადოდ შესწავლის შესახებ, მცდარი და საფუძველს მოკლებულია.
"კაშხლის ნაგებობის მშენებლობის გადავადება სინამდვილეში უკავშირდება არა მთავრობისა და კომპანიის კომპრომისს, არამედ იმ ფაქტს, რომ კომპანიამ სრულყოფილი საპროექტო დოკუმენტაციის ჩაბარება თავად დააგვიანა და ამავე პერიოდით მოითხოვა სახელმწიფოსგან ვადის გახანგრძლივება",-აღნიშნულია ინფორმაციაში.
როგორც "სოციალური სამართლიანობის ცენტრში" აღნიშნავენ, მოსახლეობისთვის უცნობია, თუ რა ტიპის სამუშაოებს აწარმოებს "ენკა" მიმდინარე პერიოდში ხეობაში და სიმართლეა, თუ არა კომპანიის მტკიცება იმის შესახებ, რომ ხეობაში მხოლოდ მოსამზადებელი სამუშაოები ხორციელდება დროებითი ნაგებობების განსათავსებლად.
"იმის გათვალისწინებით, რომ ადგილზე მშენებლობის სახელმწიფო ზედამხედველობა 2020 წლის ოქტომბრის შემდეგ არ განხორციელებულა და ხეობა დახურულია ჟურნალისტებისა თუ აქტივისტების დაკვირვებისთვის, შეუძლებელია იმის დადგენა, ფაქტობრივად რა სამუშაოები მიმდინარეობს ადგილზე და აქვს თუ არა მისი განხორციელების უფლება "ენკა". სოციალური სამართლიანობის ცენტრმა "ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს" ინსპექტირების ჩატარების მოთხოვნით 17 მაისს მიმართა.
სახელმწიფოს მიერ კომპანიის მიმართ მსგავსი დამოკიდებულება კიდევ უფრო ამძაფრებს საზოგადოებაში არსებულ პროტესტის შეგრძნებას, რომელიც ნამახვანის ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობის უკანონო, გაუმჭვირვალე და არასაჯარო პროცესებს უკავშირდება. ამასთან, იმის მიუხედავად, რომ კომპანიას დღემდე არ წარმოუდგენია სრულყოფილი სამშენებლო დოკუმენტაცია, ადგილზე მასშტაბური სამშენებლო სამუშაოები წარმოებს, რაც გარემოს მძიმე და შეუქცევად ზიანს აყენებს. პარალელურად, საკუთარი ფუნქციების შესრულებას თავს არიდებს ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოც, რომელიც, "ენკა"-ს მიერ სანებართვო პირობების არა ერთი სავარაუდო დარღვევის მიუხედავად, სამშენებლო სამუშაოებს არ ამოწმებს და კომპანიას ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას არ აკისრებს",- აღნიშნულია "სოციალური სამართლიანობის ცენტრის" განცხადებაში.