რა ბედი ელის ნინოწმინდის ბავშვთა სახლს - ამ თემაზე კონსულტაციები თბილისში იწყება. ჯანდაცვის სამინისტროსა და საპატრიარქოს შორის მოლაპარაკებები მიმდინარეობს.
დღეს თბილისში სხალთელი მთავარეპისკოპოსი სპირიდონი (აბულაძე) იმყოფებოდა, ის სამების საკათედრო ტაძარში წირვას დაესწრო. სასულიერო პირი, რომელიც დაარსების დღიდან ნინოწმინდაში არსებულ პანსიონს ხელმძღვანელობს. თუმცა, მან ღვთისმსახურებს დასრულების შემდეგ მედიის კითხვები უპასუხოდ დატოვა.
დღეს პანსიონის საკითხს ახალქალაქისა და კუმურდოს და კარის მიტროპოლიტი ნიკოლოზი (ფაჩუაშვილი) გამოეხმაურა. მიტროპოლიტი მიიჩნევს, რომ ნინოწმინდის პანსიონში, თუ ნამდვილად ჰქონდა ფიზიკურ ძალადობას ადგილი აღსაზრდელების მიმართ, ეს სერიოზული გადაცდომა და კრიმინალური დანაშაულია. მისივე თქმით, ეს სასამართლომ უნდა დაადგინოს.
"სოცმუშაკები ერთი კვირაა თითქმის მუშაობენ და ალბათ დარჩათ 2-3 დღე მაქსიმუმ, რომ დაამთავრონ მუშაობა და დადონ თავიანთი დასკვნა. ამ დასკვნის შემდეგ დადგება, რა თქმა უნდა, საკითხი სახალხო დამცველის შესვლის შესახებ.
თვითონ ეს ბავშვები, რამდენადაც მე მოვისმინე მათი, ბავშვების საუბარი, ყოველთვის ხაზგასმით ამბობენ, რომ მეუფე სპირიდონმა ეს არ იცოდა. რატომ ამბობენ ამას მე არ ვიცი, როგორ არ იცოდა ესეც არ ვიცი.
ეს არის გადაცდომა. მე ვთვლი, რომ ბავშვი ფიზიკურად არ უნდა დასაჯო, მე ასე მიმაჩნია, ოღონდ ეს ძალიან ძნელია ბავშვი ისე გაზარდო, რომ ხელი არ შეახო, აი არ ვიცი, ლამის წარმოუდგენელია.
თუ ლაპარაკი არის მკაცრ გადაცდომებზე დასჯისას, ეს უკვე კრიმინალური დანაშაულია. ეს უნდა დაადგინოს სასამართლომ, მე სხვანაირად ვერ წარმომიდგენია.
დასჯის მეთოდები, რომ გამოყენებული იყო პანსიონში მე როგორ შემიძლია ეს ან გამოვრიცხო, ან არ გამოვრიცხო, მე არ ვიცი ამის შესახებ.
არიან ბავშვები, რომლებიც ამბობენ, რომ არ იყო გამოყენებული და გეუბნებით - გამოძიებამ დაადგინოს," - განაცხადა ახალქალაქისა და კუმურდოს და კარის მიტროპოლიტმა ნიკოლოზმა (ფაჩუაშვილი).
"კურიერმა" გაარკვია, რომ დღეს ჯანდაცვის სამინისტროში შეხვედრა გაიმართა. სამუშაო შეხვედრას ესწრებოდა როგორც ზრუნვის, ასევე რეგულირების სააგენტოს წარმომადგენლები. ადგილზე ასევე სოციალურ მუშაკთა სამსახურის წარმომადგენლები იმყოფებოდნენ. მთავარი განსახილველი თემა კი, რა თქმა უნდა, ნინოწმინდის პანსიონი იყო, თუ როგორ გააგრძელებს პანსიონი მუშაობას, მას შემდეგ, რაც ყველა კითხვაზე პასუხი გაცემული იქნება და ადგილზე სიტუაცია დასტაბილურდება.