19 ნოემბერი 2024,   22:29
ვრცლად
ნიღბის გამოყენების სიხშირე შემცირდა, ეს ხელს შეუწყობს დაავადების გავრცელებას - ხათუნა ზახაშვილი

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის უფროსი, ხათუნა ზახაშვილი მოსალოდნელ მეოთხე ტალღაზე საუბრობს, რომლის შესახებაც სპეციალისტები მოქალაქეებს, ბოლო დროს, აქტიურად აფრთხილებენ.

როგორც ხათუნა ზახაშვილი ამბობს, მეოთხე ტალღის დადგომა პროფილაქტიკური ღონისძიებების აქტიურად გამოყენებაზეა დამოკიდებული. 

"ეს არ არის დამოკიდებული მხოლოდ მოცირკულირე ვარიანტების არსებობაზე ქვეყანაში, ასევე ძალიან ბევრად არის დამოკიდებული პროფილაქტიკურ ღონისძიებებზე, რომელსაც დავახვედრებთ ამ მოცირკულირე ვარიანტებს და ჩვენ რაც შეგვიძლია დავახვედროთ მოცირკულირე ვარიანტებს, ეს არის პირველ რიგში მასიური ვაქცინაცია და ყველა შემაკავებელი ღონისძიებების დაცვა, როგორიც არის ნიღაბი, დისტანცია და ჰიგიენა.

სამწუხაროდ, სიტუაცია არაპირდაპირი პრევენციული საშუალებების გამოყენების და დაცვის რამდენადმე შესუსტებულია. ანუ ნიღბის გამოყენების სიხშირე შემცირდა ქვეყანაში და ეს ყველაფერი ხელს შეუწყობს დაავადების შემდგომ გავრცელებას," - ამბობს ხათუნა ხაზაშვილი.

ზახაშვილი ამბობს, რომ გასულ წელს, აჭარაში ვირუსის მკვეთრი აღმასვლა დაიწყო, ამ შემთხვევის განმეორების თავიდან აცილების საუკეთესო საშუალება ვაქცინაციაში მოსახლეობის აქტიურად ჩართვაა. 

"უპირველეს ყოვლისა, ეს იქნება ვაქცინაცია, ვაქცინაცია რაც შეიძლება მაღალი ხელმისაწვდომობით  ყველასთვის და რა თქმა უნდა, აჭარაც ისე როგორც დანარჩენი საქართველოც, ჩართული იქნება კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინაციაში ძალიან აქტიურად. იქ უკვე დაწყებულია ეს პროცესი, რა თქმა უნდა 15 მარტიდან. ეს პროცესი ძალიან გააქტიურდება 15 ივნისის თვეში და მე იმედი მაქვს, რომ აჭარის მოსახლეობა ძალიან მონდომებით მიაკითხავენ ამცრელ პუნქტებს და მიიღებენ ვაქცინას,“ - აცხადებს ხათუნა ზახაშვილი.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის უფროსი ამბობს, რომ ვაქცინაციის შემთხვევაში, არის იმედი, რომ ფატალური შემთხვევების რიცხვები შემცირდება.

გარდა ამისა, ხათუნა ზახაშვილი ამბობს, რომ დაავადებათა კონტროლის ცენტრი მოუწოდებს მოსახლეობას, ნიღბების გამოყენების გააქტიურებისკენ, განსაკუთრებით იმ ადგილებში, სადაც არის ადამიანთა მაღალი კონცენტრაცია.

"ყოველთვის მიაქციეთ ყურადღება რომ თქვენსა და სხვა ადამიანებს შორის, რომლებიც არ არიან თქვენი ოჯახის წევრები, იყოთ ფრთხილად და დაიცვათ ის სავალდებულო დისტანცია, რაც რეკომენდირებულია,“ - აცხადებს ხათუნა ზახაშვილი.

 

დღის ამბები