19 ნოემბერი 2024,   22:44
ვრცლად
საქპატენტის ხემძღვანელი თანამდებობიდან გათავისუფლდა - რა გახდა გადაწყვეტილების მიზეზი

საქპატენტის ხელმძღვანელი მინდია დავითაძე თანამდებობიდან გათავისუფლდა. ამის შესახებ დავითაძემ განცხადება სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა. 

დავითაძე თანამდებობიდან გათავისუფლებას პოლიტიკურად მოტივირებულს უწოდებს და ხაზს უსვამს, რომ საქპატენტის ხელმძღვანელად 2020 წლის თებერვალში 4 წლის ვადით გიორგი გახარიას ბრძანებით დაინიშნა. 

"გუშინ, მივლინებით ვიმყოფებოდი გურიის რეგიონში, სადაც შეხვედრა მქონდა ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან რეგიონში გეოგრაფიული აღნიშვნების სისტემის ფორმირების მიმართულებით არსებული პოტენციალის ეფექტიან  გამოყენებასთან დაკავშირებით. 
შეხვედრის მიმდინარეობისას, მთავრობის ადმინისტრაციამ ფაქტობრივად გზაში დამაწია გათავისუფლების ბრძანება, რომელიც პრემიერ მინისტრს გუშინ წინ - 09 ივნისს მიუღია და რის შესახებაც გუშინ მეილით გვაცნობეს, სწორედ იმ დროს, როდესაც მივლინებაში ვიმყოფებოდი," - წერს მინდია დავითაძე.

ამავე განცხადებით ირკვევა, რომ ერთ-ერთი თანამშრომლის შრომის უფლების დარღვევის მოტივით საქპატენტში ინსპექტირება განახორციელა შრომის ინსპექციის სამსახურმა, რომელმაც 2021 წლის 13 მაისს, მოითხოვა საქპატენტში დასაქმებულ პირებთან დაკავშირებული ინფორმაცია.

 შრომის ინსპექციამ გამოსცა სამართალდარღვევის ოქმი, რითაც საქპატენტს დააკისრა ადმინისტრაციული სახდელი - გაფრთხილება, ერთ-ერთი თანამშრომლის შრომითი უფლების დარღვევის მიზეზით. 

საქპატენტის თანამშრომელი ირაკლი კასრაძე კი ასევე სოციალურ ქსელში წერს, რომ სამართლიანობა აღდგა, ვინაიდან მას მინდია დავითაძე უკანონოდ დევნიდა. 

"მოკლედ გაიმარჯვა სამართლმა, ჩემმა ბრძოლამ გამოიღო შედეგი. სხვადასხვა ინტიტუტების ჩართულობის შედეგად საქპატენტის თავმჯდომარე გაუშვეს სახლში. ეს არის მაგალითი სხვა პირებისთვის, რომ არ შეიძლება ცოდნის არ მქონე პატარა ბიჭის პოლიტიკურად დანიშვნა მაღალ თანამდებობაზე. რომელმაც თავი დაგვამახსოვრა თავისი და ნათია მეზვრიშვილის 30 მეგობრის და ახლობლის დასაქმებით და ბიუჯეტის ფულის უაზრო ფლანგვით.
თუმცა, როგორც ჩემთვის ცნობილია, მინდია დავითაძე, რომელსაც საქპატენტის შენობაში ყოფნის უფლებაც აღარ აქვს დღეიდან აპირებს თავის პოლიტიკური რეპრესიის მსხვერპლად წარმოჩენას ჟურნალისტების დახმარებით.  თუმცა ეს იქნება უბრალოდ სასაცილო, მათთვის ვინც იცის ეს ისტორია, რასაც ადასტურებს სახალხო დამცველის დასკვნა და სხვა მრავალი საბუთი.

ასევე, ბრძოლა არ დასრულებულა, სამართლიანობის საბოლოოდ აღსადგენად  წინ კიდევ ორი სასამართლო და გამოძიებაა.

მადლობას გიხდით ყველას ვინც გვერდში მედექით!

P. S. უპრინციპო მედროვეებისთვისაც მაგალითი უნდა იყოს ეს შემთხვევა," - წერს ირაკლი კასრაძე.

დღის ამბები