19 ნოემბერი 2024,   22:38
ვრცლად
ნახევარი მილიონი დოლარის თაღლითური მაქინაციები ამერიკული ავიაკომპანიის სახელით - დანაშაულში საქართველოს მოქალაქეები ფიგურირებენ

ფრანგული მხარე საქართველოს რამდენიმე მოქალაქეს ნახევარი მილიონი დოლარის უკანონოდ მითვისებას ედავება. ფულის მოტყუებით დაუფლების მთავარი იარაღი ყალბი დოკუმენტაცია გახდა. უმაღლესი ტექნოლოგიებით მომზადებულ და შესრულებულ დანაშაულში რამდენიმე ადამიანი ფიგურირებს.

სისხლის სამართლებრივი დევნა რამდენიმე პირზე საფრანგეთის მოთხოვნის და თაღლითური სქემის გაშიფვრის საფუძველზე დაიწყო. ირკვევა, რომ დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებმა ამერიკული ავიაკომპანიის სახელი გააყალბეს. დამნაშავეებმა სახელწოდებაში მხოლოდ ერთი ასოს ცვლილებით და ავიაკომპანიის წარმომადგენლის საკონტაქტო მონაცემებთან მაქსიმალურად მიახლოებით, კომუნიკაცია საფრანგეთში საერთაშორისო ავიაგადამზიდავ კომპანიასთან დაამყარეს. მომსახურების სანაცვლოდ კი, 450 000 აშშ დოლარის გადახდაზე დაითანხმეს.

თაღლითური სქემის მთავარი ფიგურანტი გია ჯიჯელავა უკვე საპატიმროშია. 42 წლის მამაკაცი ოფიციალური ინფორმაციით, სენაკის რაიონის სოფელ ახალსოფელში ცხოვრობდა. სავარაუდო ბრალდებულმა ამერიკული ავიაკომპანიის ფეიკ კომპანიაც სწორედ ამ მისამართზე დაარეგისტრირა. საჯარო რეესტრის ამონაწერიდანაც კარგად ჩანს, რომ სქემის მთავარმა მონაწილემ, კომპანია 2020 წლის აგვისტოში დააფუძნა. ოფიციალური დოკუმენტის თანახმად, კომპანიის 100 პროცენტიანი წილის მფლობელიც თავად გია ჯიჯელავაა. დოკუმენტებში არსებული მტკიცებულებების მიუხედავად, ოჯახს დანაშაულის არ სჯერა.

გია ჯიჯელავასთან ერთად საქმეში ფიგურირებს ნანა ხაბურზანიაც. სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო 35 წლის ქალბატონზეც. ამ დანაშაულამდე, დაკავებულს სხვადასხვა ფინანსურ საქმიანობას ედავებოდნენ. დაკავებულის ახალი საპატიმრო ვადაც უკვე ორ თვეს ითვლის.

სქემის მასშტაბურობიდან გამომდინარე, ფრანგული და ქართული გამოძიება ნანა ხაბურზანიას და გია ჯიჯელავას გარდა, თაღლითური დაჯგუფების სხვა პირებსაც ეძებს. 

ტრანსნაციონალურ დანაშაულში ბრალდებულებს 6-დან 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ, თუმცა საქმის სიმძიმე მხოლოდ სამი სავარაუდო ბრალდებულით არ შემოიფარგლება. საუბარია უპრეცედენტო სქემაზე, რომლის დანაშაულის მასშტაბი, სავარაუდოდ, საქართველოსაც გასცდება.

დღის ამბები