გაეროს წარმომადგენლობა ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონში სახალხო დამცველის სასწრაფოდ შეშვებას ითხოვს. გაერთიანებული ერების ორგანიზაცია განცხადებასაც ავრცელებს და პანსიონიდან ყველა ბავშვის გაყვანის აუცილებლობაზე საუბრობს.
ორგანიზაციაში იმედოვნებენ, რომ სასამართლოს გადაწყვეტილება დაწესებულებაში მყოფ ყველა ბავშვზე გავრცელდება. განცხადება მოიცავს მოწოდებასაც, სახელმწიფომ მიიღოს მყისიერი და მკაცრი ზომები.
გაეროს მხრიდან გაკეთებულ განცხადებას მალევე გამოეხმაურნენ "ქართულ ოცნებაში". საპარლამენტო უმრავლესობისთვის გასაგები და მისაღებია თემის მიმართ საერთაშორისო ორგანიზაციის ინტერესი, რადგან საქმე ბავშვთა უფლებებს ეხება.
ბავშვთა და იმ ადამიანების უფლებებზე, რომლებმაც ნინოწმინდის პანსიონი უკვე დატოვეს, კიდევ ერთხელ საუბრობს სახალხო დამცველი. ნინო ლომჯარია ამბობს, რომ ომბუდსმენის ოფისში დღემდე არაერთი ზარი შედის, რომელიც პანსიონში არსებულ მძიმე ვითარებას ეხება.
სახალხო დამცველისა და არასამთავრობო ორგანიზაციების მხრიდან ბავშვების გადაბირების მცდელობად შეაფასა თავად მეუფე სპირიდონმა ომბუდსმენის პანსიონში დაშვების მოთხოვნა. სხალთელი მთავარეპისკოპოსი ამბობს, რომ ნინოწმინდიდან ბენეფიციარების გაყვანის საკითხი გარკვეული ძალების ინტერესებში შედის.
“რა ხდება ნინოწმინდის პანსიონში?“- ამ წარწერით ფურცლები დღეს პარლამენტის სხდომათა დარბაზში აქტივისტებმა გადაყარეს. ამ ფორმით მათ სახელმწიფოს რეაგირება გააპროტესტეს და 13 ივნისს დაგეგმილი აქციაც დააანონსეს. აქტივისტებს სხდომათა დარბაზი მანდატურებმა დაატოვებინეს.
ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში ნინოწმინდის პანსიონიდან 30 ბავშვი გაიყვანეს.