აზერბაიჯანულმა მხარემ კონფლიქტის დროს დაკავებული სომხეთის 15 მოქალაქე გაათავისუფლა.
პროცესში საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი აქტიურად იყო ჩართული, როგორც ფასილიტატორი. მოლაპარაკებებში მონაწილეობდა რეგიონში ვიზიტით მყოფი ევროპისა და ევრაზიის საკითხებში აშშ-ს სახელმწიფო მდივნის მოადგილის მოვალეობის შემსრულებელი, ფილიპ რიკერიც. რეგიონში მშვიდობის მისაღწევად, მაღალი დონის ჩართულობაზე გააკეთა აქცენტი აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა. ოფიციალურ განცხადებაში ხაზი გაესვა საქართველოს მთავრობის მისწრაფებას, პროცესში შუამავლის როლის შესრულების შესახებ.
მიღწეული შეთანხმება რომ ხელს შეუწყობს რეგიონში მშვიდობის ხანგრძლივი ვადით შენარჩუნებას, ამაზე საუბრობს საკუთარ განცხადებაში ამერიკის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენიც, რომელიც მიესალმება 15 სომეხი დაკავებულის გათავისუფლებას და მადლობას უხდის საქართველოს მთავრობას ფასილიტაციისთვის.
ჰუმანიტარული აქტის განხორციელებაში ქართველებისა დ ამერიკელი მოკავშირეების ჩართულობის მნიშვნელობაზე ამახვილებს ყურადღებას აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრო. უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში შეთანხმების იმ დეტალზეც არის საუბარი, რომლის მიხედვით შესაძლებელი გახდა სომხეთის მიერ აზერბაიჯანული მხარისთვის დანაღმული ტერიტორიების შესახებ მნიშვნელოვანი მასალების გადაცემა.
"რუკები ტყვეებში არ იცვლება, თუმცა ეს ნაბიჯი სომხეთის მხრიდან მშვიდობის მისაღწევად გადაიდგა" - ასე შეაფასა მიღწეული შეთანხმება სომხეთის პრემიერ-მინისტრმა. ნიკოლ ფაშინიანი სამომავლო თანამშრომლობისთვის მზადყოფნას გამოთქვამს.
აზერბაიჯანულმა მხარემ კონფლიქტის დროს დაკავებული სომხეთის 15 მოქალაქე გაათავისუფლა და საქართველოს ტერიტორიის გავლით, ისინი საკუთარ ოჯახებს დაუბრუნდნენ. საქართველოს პრემიერ-მინისტრის აქტიური ჩართულობით, ასევე, შესაძლებელი გახდა სომხური მხარის მიერ აზერბაიჯანული მხარისთვის მნიშვნელოვანი მასალების გადაცემა დანაღმული ტერიტორიების შესახებ.
ჰუმანიტარულ აქტს მიესალმა ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელიც და აღნიშნა, რომ შეთანხმება პირველი ნაბიჯია ორ სახელმწიფოს შორის ნდობის აღსადგენად.