ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონი დღეს არსებული ფორმით აღარ იმუშავებს. დაიხურება თუ არა სრულად დაწესებულება, საპატრიარქოში გამართული შეხვედრის შემდეგ, მხარეები განსხვავებულ ინფორმაციას ავრცელებენ.
შეხვედრის შემდეგ გადაწყვეტილების შესახებ გახდა ცნობილი, რომლის მიხედვითაც, საბოლოოდ ნინოწმინდის პანსიონი, ისევე როგორც სხვა მსგავსი ტიპის დიდი დაწესებულებები, უნდა დაიხუროს.
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თამილა ბარკალაიას თქმით, დიდი ბავშვთა სახლების კონტექსტში შეთანხმება მოხდა, რომ დიდი ინსტიტუცია აღარ არის ქვეყნისთვის პრიორიტეტი.
"როგორც საპატრიარქომ, ასევე სახელმწიფომ და ჩვენმა საერთაშორისო პარტნიორებმა ერთობლივად დავაფიქსირეთ, რომ მნიშვნელოვანია ბავშვის საუკეთესო ინტერესი და ბავშვის უფლებების დაცვა.
არა მხოლოდ ნინოწმინდის კონტექსტში, არამედ ზოგადად დიდი ინსტიტუციების და დიდი ბავშვთა სახლების კონტექსტში და შევთანხმდით, რომ დიდი ინსტიტუცია აღარ არის ქვეყნისთვის პრიორიტეტი და არ შეიძლება დიდი ინსტიტუცია იყოს წახალისებული.
ჩვენ ვმუშაობთ ოჯახების მოძიებაზე და ოჯახების გაძლიერებაზე. იმისათვის, რომ მოხდეს პირველ რიგში ოჯახებში ინტეგრაცია და ეს პროცესი გრძელდება,“ - განაცხადა თამილა ბარკალაიამ.
”ვორლდ ვიჟენ საქართველოს” დირექტორის ეკატერინე გურგენაძის თქმით, ყველა დიდი ზომის არარეგულირებული პანსიონი უნდა დაიხუროს და ამაზეც არის შეთანხმების მზაობა.
"საპატრიარქომ გამოთქვა მზაობა და ღიაობა, რომ მოისმენენ ჩვენს რჩევებს, მოისმენენ და გაითვალისწინებენ იმ საუკეთესო პრაქტიკას და სტანდარტებს, რაც არსებობს ბავშვთა დაცვის სფეროში. ნინოწმინდის პანსიონს რაც შეეხება, რა თქმა უნდა, არა მხოლოდ ნინოწმინდის პანსიონი, ყველა დიდი ზომის არარეგულირებული პანსიონი უნდა დაიხუროს და ამაზეც გვაქვს შეთანხმება,“ - აცხადებს ეკატერინე გურგენაძე.