ორთვიანი ხმაურიანი პროცესების შემდეგ შეთანხმება მიღწეულია. ადგილი, სადაც გადაწყვეტილება შეთანხმდა, საპატრიარქოა. მეუფე შიოს და მეუფე იაკობის მონაწილეობით გამართულ შეხვედრაზე საპატრიარქოში დღეს დიპლომატებს და ბავშვთა უფლებების დამცველ ორგანიზაციებს უმასპინძლეს. ერთსაათიანი დისკუსიის შემდეგ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ გაახმოვანა, თუ როგორია გეგმა და მთავარი პრინციპი, რასაც ყველა მხარე დაეთანხმა.
მოქმედება ბავშვთა საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე - ეს იყო გზავნილი, როგორც ევროკავშირის ასევე იუნისეფის წარმომადგენლის მხრიდან. დღეს ისინი კმაყოფილებით აღნიშნავდნენ, რომ პრინციპებზე ყველა მხარე შეთანხმდა. ასევე იმედი გამოთქვეს, რომ მოკლე დროში შესაძლებელი იქნება საქართველოში მზრუნველობამოკლებული ბავშვების მიმართ საერთაშორისო სტანდარტის პრაქტიკის დანერგვა.
რაც შეეხება საპატრიარქოს პოზიციას, მამა ანდრია ჯაღმაიძე კვლავ ხაზს უსვამს, რომ დაუშვებელია ბავშვებთან დაკავშირებული თემით სპეკულირება პოლიტიკური თუ სხვა სახის ამოცანებისთვის.
შეხვედრას, სადაც ბავშვთა სახლებთან დაკავშირებით ახალ სტრატეგიაზე შეთანხმდნენ, არ ესწრებოდა სახალხო დამცველის წარმომადგენელი. აპარატი, რომლის ანგარიშებმა ნინოწმინდის პანსიონში არსებული ძალადობრივი ფაქტების შესახებ ფართო მსჯელობას დაუდო სათავე, ბავშვთა სახლში მონიტორინგს კვლავ ვერ ახორციელებს. იქ ამ ეტაპზე ბავშვების ყოფას ჯანდაცვის სამინისტროს სპეციალისტები აკვირდებიან. ნინოწმინდაში ამ დროისთვის 23 აღსაზრდელი რჩება.