19 ნოემბერი 2024,   22:26
ვრცლად
22 დაღუპული, უგზო-უკვლოდ დაკარგული 2 ადამიანი და ათეულობით განადგურებული სახლი - 6 წელი 13 ივნისის ტრაგედიიდან

ათეულობით განადგურებული სახლი, 1100-მდე დაზარალებული, 22 დაღუპული და უგზო-უკვლოდ დაკარგული 2 ადამიანი. დღეს 2015 წლის 13 ივნისის სტიქიიდან 6 წელი გავიდა.

სვანიძის ქუჩაზე დრო 1:30 წუთზე გაჩერდა. წყალმოვარდნის შედეგად 24 ოჯახი უსახლკაროდ დარჩა. მხოლოდ ამ პატარა ქუჩაზე სტიქიამ 6 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა. მათ შორის იყვნენ დები, სვეტლანა და ლიანა ეგიაზაროვები

უკვე მეექვსე წელია 13 ივნისის მემორიალთან ერთმანეთს დაღუპულთა ოჯახის წევრები ხვდებიან. მათ შორის მამა გიორგი და ლიკა ქუთელია. სასულიერო პირმა 24 წლის შვილი, ლიკამ კი 25 წლის და დაკარგა. ისინი მეგობრები იყვნენ. სტიქიის დროს, სვანეთის ქუჩაზე, მარიამ ქუთელიამ და ივლიტა ჯიბუტმა მის მეუღლესთან ერთად სახლის სახურავზე გადაწყვიტეს ასვლა. მაგრამ, მოვარდნილმა ნიაღვარმა სამივე გაიტაცა. მაშველებმა მხოლოდ ივლიტას მეუღლის გადარჩენა შეძლეს.

სტიქიის შედეგად თითქმის მთლიანად განადგურდა თბილისის ზოოპარკი. ბინადრების ნაწილი გალიებში დაიხოცა. გარეული ცხოველების ნაწილმა კი ვოლიერებიდან გაქცევა მოახერხა. შედეგად თბილისის ქუჩებში 5 ლომი, 6 ვეფხვი, 6 დათვი და 13 მგელი აღმოჩნდა. ბევრი მათგანი ადგილზე იქნა ლიკვიდირებული. ნაწილი კი დააძინეს და უსაფრთხო ადგილზე გადაიყვანეს. 13 ივნისის სტიქიის სიმბოლოდ გმირთა მოედანზე მოსეირნე ბეჰემოტი ბეგი იქცა.

ტრაგედიასთნ ერთად 13 ივნისი საზოგადოების გაერთიანების ერთგვარ სიმბოლოდ იქცა. სტიქიის შედეგების აღმოფხვრაში, რასაც საბოლოო ჯამში რამდენიმე თვე დასჭირდა ჩართული იყო დედაქალაქის მოსახლეობა, პოლიტიკოსები, არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები. 

 

დღის ამბები