სახალხო დამცველის ნინო ლომჯარიას განცხადებით, საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით, სიღარიბე ბავშვის ოჯახიდან გაყვანის საფუძველი არ უნდა გახდეს. ამის შესახებ ომბუდსმენმა "პოსტსკრიპტუმის" ეთერში ისაუბრა და აღნიშნა, რომ თუ ოჯახი არის ღარიბი, ბავშვების რჩენასა და შენახვაში მას სახელმწიფო უნდა ეხმარებოდეს.
"საერთაშორისო სტანდარტებით ბავშვთა უფლებების დაცვის სფეროში, რომელსაც ჩვენი კანონმდებლობაც აღიარებს, არ შეიძლება ოჯახის სიღარიბე გახდეს ბავშვის ოჯახიდან გამოყვანის და სახელმწიფო ზრუნვაში გადაყვანის საფუძველი. თუ ოჯახი არის ღარიბი, სახელმწიფო უნდა ეხმარებოდეს ოჯახს, რომ ოჯახს ჰქონდეს ბავშვების შენახვის, მათი რჩენის საშუალება," - განაცხადა P.S.-ის ეთერში ნინო ლომჯარიამ.
ამასთან, სახალხო დამცველმა სიღარიბის მიზეზით ბავშვების ოჯახიდან გამოყვანის მზარდ სტატისტიკაზეც ისაუბრა.
"როდესაც მე გავხდი სახალხო დამცველი, მახსოვს იმ წელს ეს რიცხვი იყო 12%, გამოყვანილი ბავშვების და 12-20%-მდე მერყეობს ბოლო წლებში ეს რიცხვები, რაც იმას ნიშნავს, რომ მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ეს გაცხადებული პოლიტიკა გვაქვს ბავშვებთან დაკავშირებით, რეალურად, წლიდან წლამდე არა თუ მცირდება, არამედ ხშირ შემთხვევაში იზრდება კიდეც სიღარიბის მოტივით ბავშვის ოჯახიდან გამოყვანის მაჩვენებელი.
შესაბამისად, უმთავრესი უნდა იყოს, რომ ბავშვი იზრდებოდეს ოჯახში, ეს უნდა იყოს პრიორიტეტი და შემდეგ უკიდურეს შემთხვევაში, ის უნდა გადავიდეს სახელმწიფო ზრუნვაში, მაგრამ არამც და არამც დიდი ზომის დაწესებულებაში, როგორიც იყო ნინოწმინდის პანსიონი,“ - განაცხადა ნინო ლომჯარიამ.