რა ბედი ეწევა ნინოწმინდის პანსიონს ერთი წლის შემდეგ - გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) წარმომადგენლობის ოფისის კომუნიკაციის პროგრამის ხელმძღვანელი მაია ქურციკიძე "დღის კურიერში" სტუმრობისას აცხადებს, რომ დაწესებულების დახურვა ან გახსნა მათი კომპეტენცია არ არის.
მისი თქმით, ისინი მხარს დაუჭერენ სახელმწიფოს დეინსტიტუციონალიზაციის პროცესში.
"UNICEF ამ პროცესში არ არის ჩართული. ჩვენი რეკომენდაციაა, რომ ბავშვები არ იყვნენ ბავშთა სახლში. დაწესებულების დახურვა და გახსნა არ არის ჩვენი კომპეტენცია, ეს არის სახელმწიფო ინსტიტუციების საქმე. ჩვენ მანდატის ფარგლებში ვთავაზობთ რეკომენდაციებს მთავრობას და ასევე ვუწევთ ტექნიკურ დახმარებას.
ჩვენ გვაქვს კომუნიკაცია როგორც ბავშვზე ზრუნვის სააგენტოსთან, ასევე ჯანდაცვის სამინისტროსთან. ჩვენი კოლეგები მუდმივად არიან კავშირში და ჩვენი მიზანია ეს პროცესი რაც შეიძლება მალე დასრულდეს და ბავშვები ოჯახურ გარემოში გადავიდნენ.
სიღარიბე, შეზღუდული შესაძლებლობა არ უნდა გახდეს მიზეზი ბავშვის ოჯახისაგან განცალკევების. ჩვენ ყველანაირად მხარს დავუჭერთ სახელმწიფოს დეინსტიტუციონალიზაციის პროცესში და ბავშვები რაც შეიძლება მალე დაბრუნდნენ ოჯახებში," - განაცხადა მაია ქურციკიძემ.