თბილისის მერი დედაქალაის მოსახლეობისთვის წლების განმავლობაში განხორციელებული სამუშაოების შესახებ ანგარიშის ჩაბარებას განაგრძობს. დღეს ქალაქის განვითარების შვიდი პოლიტიკიდან ერთ-ერთი, ინფრასტრუქტურის მიმართულებით კახა კალაძემ პრეზენტაცია გამართა.
მერმა საკუთარი გუნდის წევრებთან ერთად, როგორც გზების და ხიდების რეაბილიტაციის, ასევე კონკრეტული ქუჩებისა და რეკრეაციული ზონების კეთილმოწყობის შესახებ დეტალური ინფორმაცია წარადგინა. აღინიშნა, რომ ინფრასტრუქტურის მიმართულებით პოლიტიკის მთავარი პრინციპი არა ფასადური, არამედ ფუნდამენტური რეაბილიტაცია იყო, რაც მომავალშიც შენარჩუნდება.
"ქალაქის მართვიდან მეოთხე წელს ამაყი და ემოციებით სავსე ვარ, როდესაც ვუყურებ, რომ ჩვენმა გუნდმა მნიშვნელოვანი პროექტები განახორციელა, მათ შორის ინფრასტრუქტურული პროექტები და თბილისში ვითარება მნიშვნელოვნად შეიცვალა 2017 წელთან მიმართებაში.
წარსულს ჩავაბარეთ ის მანკიერი პრაქტიკა, რომ ინფრასტრუქტურული პროექტები ფასადურად ხორციელდებოდა. აუცილებელი იყო ფუნდამენტურად მომხდარიყო განახლება და ცვლილება, და არამხოლოდ მოასფალტებით, შესაბამისად, ყველა იმ ადგილას, სადაც მოხდა მოასფალტება, პირველი, რაც გაკეთდა, ეს იყო მიწისქვეშა კომუნიკაციების განახლება, რომლისთვისაც ხელი ბოლო წლებში არავის უხლია,"- აღნიშნა ანგარიშის წარდგენის დროს თბილისი მერმა კახა კალაძემ.
მისივე თქმით, ჯერ კიდევ ბევრია სამუშაო იმისთვის, რომ თბილისის მასშტაბით, ინფრასტრუქტურული მიმართულება სრულად მოწესრიგდეს.
"რა თქმა უნდა, ჩვენ ამ ყველაფრით არ და ვერ დავკმაყოფილდებით, რადგან ჯერ კიდევ არსებობს უამრავი პრობლემა და გამოწვევა. გაკეთებულით და მიღწეულით არც მე და არც ჩემი თანაგუნდელები არ ვართ კმაყოფილი, რადგან ჯერ კიდევ ბევრია სამუშაო იმისთვის, რომ მთელი ქალაქის მასშტაბით, ინფრასტრუქტურული მიმართულება იყოს მოწესრიგებული,“ - აღნიშნა კახა კალაძემ.
განხორციელებული პროექტების დეტალებზე თბილისის მერის მოადგილემ ირაკლი ბენდელიანმა ისაუბრა.
როგორც ირაკლი ბენდელიანმა განაცხადა, 2018-2021 წლებში რეაბილიტირდა: კახეთის გზატკეცილი, ჭავჭავაძის გამზირი, ბარათაშვილი აღმართი, რობაქიძის გამზირი, დუმბაძის გამზირი, ორბელიანის მოედნის მიმდებარედ, ბარათაშვილის ქუჩა, ასევე, ლეხ კაჩინსკის, ხიზანიშვილის, ვეკუას, ხოჭოს ტბის, კოსტავას, შარტავას, კანდელაკის ქუჩები, სოფელი დიღომი - დიდგორი - თელოვანის საავტომობილო გზა. ამავე პერიოდში მოეწყო: დავითაიას ქუჩისა და მთისძირის ქუჩის დამაკავშირებელი ახალი გზა, თხინვალასა და
ვარაზის ქუჩებიდან სოფელ აგარაკამდე მისასვლელი გზა, თბილისი - ნაფეტვრების გზის მონაკვეთი და სამგორის რაიონში, სამხედრო დასახლების შიდა გზები.
მერის 4 წლიანი მუშაობა პარლამენტის თვმჯდომარის მოადგილემ არჩილ თალაკვაძემ დადებითად შეაფასა.
"როდესაც მერი მოქალაქეებს აბარებს ანგარიშს თუ რა გაკეთდა დედაქალაქში, ეს არის დემოკრატიის ნაწილი, ანგარიშვალდებულების ნაწილი, რომელიც კახა კალაძეს ჰქონდა. დედაქალქში ძალიან მნიშვნელობანი პროექტები განხორციელდა. ამ წლების განმავლობაში 900 მეტი ქუჩა გახლავთ რეაბილიტირებული, რამდენიმე მნიშვნელოვანი პარკის მშენებლობა დასრულდა, ასევე ისტორიული მოდნების რეაბილიტაცია, ერთერთი მათგანი, სადაც დღეს ჩვენ ვიმყოფებით, ძალიან ხარისხიანად არის გაკეთბული,"- აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე არჩილ თალაკვაძემ.