ბოდბის ეპარქიის მთავარეპისკოპოსი, რომელიც ნინოწმინდის პანსიონის მმართველად გუშინ დაინიშნა, უკვე ადგილზე იმყოფება. როგორც მთავარეპისკოპოსმა იაკობ იაკობაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა, მას ჯერ არ აქვს გადაწყვეტილება მიღებული შეუშვებს, თუ არა ნინოწმინდის პანსიონში სახალხო დამცველს, ამისთვის პანსიონის ახალ მმართველს კითხვებზე პასუხები და ნინო ლომჯარიას უდანაშაულობაში დარწმუნება სჭირდება.
როგორც მთავარეპისკოპოსი იაკობი ამბობს, თუ ნინო ლომჯარიას პანსიონში არსებულ პრობლემებზე რეალური ინფორმაცია ჰქონდა, ამის შესახებ საპატრიარქოსთვის უნდა ეცნობებინა, რადგან არც საპატრიარქოში და არც პირადად მას სახალხო დამცველის ანგარიშის საკითხავად არ სცალიათ:
"მე თუ ჯერ გადაწყვეტილება არ მექნება მიღებული, რა და როგორ არის... გუშინაც ვთქვი, დიდი წვლილი ამ პროცესებში მიუძღვის სახალხო დამცველს. როცა ქორეპისკოპოსი ვიყავი, მაშინ უნდა ჰქონოდა საპატრიარქოს ინფორმაცია რა ხდებოდა, თუ თვითონ ჰქონდა ინფორმაციები, თუ ამდენი წელი დუმდა... მე უნდა მცოდნოდა, ნუ მასწავლით... რადგან არ ვიცოდი, მაგის დანაშაულია, ამიტომ ვუყურებ როგორც დამნაშავეს, რომ არ ვიცოდით ჩვენ ეკლესიამ. თქვენ რა გგონიათ გაერო, რომ აქვეყნებს იმ ანგარიშებს ვეცნობი?! რამდენ გვერდიანია სახალხო დამცველის ანგარიში და იმის სურვილი მაქვს, რომ დავჯდე და ვიკითხო?
ნინოწმინდაში თუ მოდის, მოვიდეს. არ შეშვებას, ნუ ლაპარაკობთ. მაგასაც გამოვიკვლევ, რატო დუმდა ამდენი ხანი. ეს არაა არ შეშვება. სერიოზული კითხვები დგას მის წინაშე. თუ სახალხო დამცველია და კონსტიტუცია ანიჭებს მაგის უფლებას, რომ მალავდა ამდენი ხანი და ეკლესიას არ გვეუბნებოდა სულ არ მაინტერესებს რას წერს თავის იმაში, პირდაპირ გეუბნებით, ჩვენთვის მოეწერა და მერე წავიკითხავდი ხოლმე. რომ არ გვწერს, ასე შეიძლება? ქმედება არასწორია. მე არ ვამბობ, რომ არ ვუშვებ, თბილისში შევხვდები, კითხვებზე გამცეს პასუხი, თუ რამე კითხვები აქვს დამისვას, აბსოლუტურად ღია ვარ. მერე შევხედავ, თუ დავინახე, რომ არაა დამნაშავე და სპეციალურად არ აკეთებს და სპეციალურად მოწყობილი არაა სხვანაირად მოვეპყრობი, თუ არა და არ ვარ ისეთი ადამიანი, რომ ზეწოლა განახორციელონ," - განაცხადა მთავარეპისკოპოსმა იაკობმა.
შეგახსენებთ ნინოწმინდის პანსიონში არასრულწლოვნებზე სავარაუდო ძალადობის შესახებ ინფორმაცია თავდაპირველად მედიამ და არასამთავრობო სექტორმა გაავრცელა, პანსიონში მონიტორინგისთვის დაშვებას რამდენიმე წლის განმავლობაში უშედეგოდ ითხოვდა სახალხო დამცველიც.
სახალხო დამცველის მიმართვის საფუძველზე გაირკვა, რომ სამართალდამცავ ორგანოებში პანსიონში განვითარებულ მოვლენებზე 4 საქმეა აღძრული, მათ შორის ძალადობისა და გაუპატიურების სავარაუდო ფაქტებზე.
ბავშვთა უფლებადამცველების საჩივრის საფუძველზე, სასამართლომ პანსიონიდან ბავშვების გამოყვანის გადაწყვეტილება მიიღო, ამ ეტაპზე პანსიონი ბავშვების უმრავლესობამ დატოვა. როგორც საპატრიარქო აცხადებს, ამ ეტაპზე მიმდინარეობს პანსიონების მცირე საოჯახო ტიპის სახლებად გადაკეთების პროცესი.
მიუხედავად იმისა, რომ სხალთელი მიტროპოლიტი პანსიონში არსებულ პრობლემებსა და ძალადობის ფაქტებს უარყოფდა, ის საპატრიარქოს გადაწყვეტილებით მთავრესპიკოპოსმა იაკობ იაკობიშვილმა ჩაანაცვლა.