სახელმწიფოს ერთი ბავშვის შენახვა დღეში, საშუალოდ, 20 ლარი უჯდება. ეს თანხა თვეში ერთ ბავშვზე, საშუალოდ, 600 ლარია. 2019 წლის მონაცემებით, მინდობით აღზრდაში 1555 ბავშვი იყო გადაყვანილი. მათ დიდ ნაწილთან გადაწყვეტილების ძირითადი მიზეზი ოჯახების მძიმე ეკონომიკური მდგომარეობა და სოციალური პირობები იყო.
ბავშვთა უფლებების დამცველები სიღარიბის მოტივით ბავშვის ოჯახიდან გაყვანას დაუშვებლად მიიჩნევენ. სახელმწიფოს, კი ღარიბი ოჯახების გაძლიერებისკენ მოუწოდებენ და მიიჩნევენ, რომ სახელმწიფოს მხრიდან მინდობით ოჯახებზე გამოყოფილი თანხა, სასურველია, მოზარდების საკუთარ სახლში აღზრდას მოხმარდეს.
ბავშვთა უფლებების კოდექსით, მხოლოდ სიღარიბის მოტივით, ბავშვის ოჯახისგან განცალკევება დაუშვებელია. კოდექსმა ბავშვის განცალკევების საკითხის გადაწყვეტა მოსამართლეს დააკისრა. კოდექსის ამუშავებამ სოცმუშაკების გადამზადების და სახელმწიფო პროგრამების დაუყოვნებლივ ამუშავების აუცილებლობა დააყენა. პროცესში Unicef-ია ჩართული. რეკომენდაციებს გასცემს ომბუდსმენიც.
დღეს თბილისის საქალაქო სასამართლომ უპრეცედენტო გადაწყვეტილება მიიღო და დაკმაყოფილდა სამი ბავშვის სარჩელი, რომლებიც იქამდე სიღატაკის მოტივით დედას 2 წლით დააშორეს.
ბავშვებმა ორგანიზაცია "პიეიჩარის" დახმარებით, სასამართლოში ჯერ დედასთან დაბრუნება მოითხოვეს და რეგიონიდან თბილისში მშობელთან დაბრუნდნენ; შემდეგ კი 5, 10 და 15 წლის მოზარდებმა კიდევ ერთი სარჩელით 2 წლიანი განშორებით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება მოითხოვეს და კიდევ გაიმარჯვეს სახელმწიფოზე, რომელსაც მათთვის 35 ათასლარიანი კომპენსაცია დაეკისრა.
ავტორი: ხათუნა გაგნიძე