ბოდბელი ეპისკოპოსი კახეთში ეპარქიას, სამცხე ჯავახეთში კი, ბავშვთა სახლს უხელმძღვანელებს. თუ მისი წინამორბედი სპირიდონი ე.წ ცნობადი სახე ნინოწმინდის პანსიონის სკანდალის შემდეგ გახდა, იაკობი თავისი განცხადებებით ყოველთვის იქცევდა მედიის ყურადღებას.
ერისკაცობაში კონსტანტინე იაკობაშვილი ყოველთვის პოლიტიკურად აქტიური მღვდელმთავარი იყო, რომელიც ეკლესიის გავლენას პერიოდულად სახელმწიფოს პირველი პირების და მედიკოსების წინააღმდეგ გაკეთებული განცხადებებისთვისაც კი იყენებდა.
მთავარეპისკოპოსი იაკობი პატრიარქის ნებას მეორე დღეა ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონში ასრულებს. მთავარეპისკოპოსი იაკობი, რომელიც პანსიონში მეუფე სპირიდონის გარეშე მივიდა, უკვე მდგომარეობას ადგილზე ეცნობა.
კურიერის არქივი მთავარეპისკოპოსი იაკობის მხრიდან უკვე მის წინამორბედზე გაკეთებულ განცხადებებსა და მოსაზრებებს ინახავს. მეუფე იაკობი ინტერვიუებში არ მალავდა, რომ გარკვეული სასულიერო პირები რუსულ ინტერესებს ატარებდნენ და მათ შორის იყო მეუფე სპირიდონიც.
უკვე წლებია, ბოდბის ეპარქიის მმართველი მწვავე განცხადებებითა და დიდი გავლენით გამოირჩევა. ის განსაკუთრებით აქტიური 2016 წელს გახდა, როდესაც საპატრიარქოს შიდა სამზარეულომ კედლებს მიღმა გამოჟონა და ეპისკოპოსი პეტრე ცაავა პატრიარქის მდივან რეფერანტის გავლენებზე ალაპარაკდა. ჭყონდიდის ახლა უკვე ყოფილი მიტროპოლიტი ამბობდა, რომ გადაწყვეტილებებს საპატრიარქოში არა ილია მეორე, არამედ შორენა თეთრუაშვილი იღებდა. ყველაზე დახურული ინსტიტუტიდან მეუფე პეტრე ცაავამ ამხილა ის პირებიც, რომლებიც თეთრუაშვილს სურვილებს უსრულებდნენ და მას პატრიარქის მდივან-რეფარანტი "ოქროს თევზებს" უწოდებდა. საპატრიარქოს პოზიციას ერთეულ სასულიერო პირებს შორის მაშინ, განრისხებული იაკობი იცავდა და ამბიონიდან იმუქრებოდა.
სკანდალური განცხადებები ტელეეთერებიდან და ამბიონიდან გადავიდა საგამოძიებო უწყებებსა და სასამართლო დარბაზებში, რადგან მალევე დააკავეს მამა გიორგი მამალაძე და საპატრიარქოს ირგვლივ ახალი დაპირისპირება დაიწყო.
მამა გიორგი მამალაძის დაკავების შემდეგ მთავარეპისკოპოსი იაკობი საპატრიარქოში გავლენასა და ძალაუფლებას წლების განმავლობაში ინარჩუნებდა. ის განკარგავდა საპატრიარქოს ფინანსებს. "კურიერის" ინფორმაციით ბოდბელი ეპისკოპოსი იყო საკონტაქტო პირი ფინანსების ნაწილში პოლიტიკოსებთანაც, ხმაურიანი იყო მისი პოლიტიკური განცხადებებიც.
პატრიარქის შესაძლო ლიკვიდაციაზე სკანდალური განცხადება მეუფე იაკობმა არაფხიზელ მდგომარეობაში ერთ-ერთი სატელევიზიო ეთერში გააკეთა, თუმცა მეორე დღესვე კატეგორიულად უარყო. რის გამოც მთავარმა პროკურატურამ გამოძიება არ დაიწყო, ეს განცხადება განხილული არ იყო არც წმინდა სინოდის სხდომაზე. მთავარეპისკოპოსმა ბოდიში მღვდელმთავრების წინაშე არა შინაარსის, არამედ საუბრის ფორმის გამო მოიხადა. სკანდალურ პოლიტიკურ განცხადებებს მეუფე იაკობის ქორეპისკოპოსის წოდება მაინც შეეწირა.
ყოფილი პრემიერის მიმართ კრიტიკას ბოდბელი მთავარეპისკოპოსი დღემდე ვერ მალავს.
მეუფე იაკობი არანაკლებ აგრესიული იყო გასულ წელს მსოფლიო პანდემიის დაწყების დროს ეპიდემიოლეგებისა და ექიმის მიმართ, რომლებიც მრევლს რელიგიურ დღესასწაულებზე ტაძარში მისვლისკენ თავის შეკავებას ურჩევდნენ. მრავლად არის მისი დისკრიმინაციული და სექსისტური განცხადებები, ცნობილია მისი როლიც 2013 წელს ჰომოფობიური აქციის ორგანიზებაშიც.