ხელოვანების პროტესტი გრძელდება. დღეს, მუსიკოსმა რუსა მორჩილაძემ ათეულობით ქართველი არტისტის ხელმოწერით, საავტორო უფლებების ასოციაციაში წერილი შეიტანა.
არტისტები იმ ასოციაციისგან, ვისთანაც 2019 წლამდე იყვნენ გაწევრიანებულები და უკვე 2 წელია შეწყვეტილი აქვთ თანამშრომლობა, ითხოვენ ყველა იმ დოკუმენტს და ინფორმაციას, რაც ეხება მათი საქმიანობის სფეროში გაჩენილ კითხვებს. მათ შორის, არტისტების ჰონორარების შეგროვების და განაწილების მეთოდებს და რაოდენობას.
მორჩილაძის განცხადებით, პირადად მას ამ კითხვებით არაერთხელ მიუმართავს ასოციაციის თავმჯდომარისთვის, მაგრამ პასუხები წლების განმავლობაში არ მიუღია.
შეგახსენებთ, რომ 400-მდე ქართველმა ავტორ-შემსრულებელმა ორი დღის წინ საქართველოს პარლამენტის კულტურის კომიტეტში განსახილველად შეიტანა კოლექტიური მიმართვა, სადაც ისინი საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ კანონის გადახედვას მოითხოვენ, რადგან, მათი მტკიცებით, ის ბუნდოვანია.