ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონთან დაკავშირებით პირველ განცხადებას აკეთებს ჯანდაცვის მინისტრი. ეკატერინე ტიკარაძე კორონავირუსისგან გამოჯანმრთელდა და დღეს პირველი სამუშაო დღე აქვს.
მინისტრი ამბობს, რომ ყველა ნაბიჯი ბავშვების ინტერესებიდან გამომდინარე უნდა გადაიდგას. მისივე თქმით, სახელმწიფოს აქვს პოზიტიური მოლოდინი ცვლილებების შემდეგ.
"ჩვენ საპატრიარქოსთან ერთად გავაგრძელებთ მუშაობას, რათა მოხდეს ბავშვების შესაბამის პირობებში გადაყვანა, რაც მცირე საოჯახო ტიპის საცხოვრისებს გულისხმობს.
სახალხო დამცველს გააჩნია საკუთარი მანდატი, რომელიც აუცილებლად უნდა იყოს აღსრულებული. ჯანდაცვის სამინისტროსა და ზრუნვის სააგენტოს მხრიდან არასდროს არ ყოფილა ხელშეშლა. ჩვენ გვაქვს ძალიან კარგი მოლოდინები ახალ ხელმძღვანელთან მიმართებაში და დარწმუნებულები ვართ, რომ ეს თანამშრომლობა მნიშვნელოვანად გააუმჯობესებს ყველა იმ საჭირო მოთხოვნას, რომელიც დაიცავს ბავშვების ინტერესებს," - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა.