ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონში, სადაც 40-ზე მეტი თანამშრომელი მუშაობდა, ამ ეტაპისთვის 19 აღმზრდელი რჩება. გადაწყვეტილება პანსიონის ახალმა ხელმძღვანელმა ბოდბელმა მთავარეპისკოპოსმა იაკობმა მიიღო.
ტრეფიკინგის სააგენტო ხედავდა რისკებს იმ აღმზრდელების დაწესებულებაში დატოვებით, რომლებიც დღეს ნინოწმინდის პანსიონიდან გაათავისუფლეს. ტრეფიკინგის სააგენტოს ხელმძღვანელის, მერი მაღლაფერიძის თქმით, პანსიონის ახალი დირექტორის გადაწყვეტილება სააგენტოსთან შეთანხმებული იყო.
"რაც ნამდვილად შემიძლია გითხრათ არის ის, რომ სადაც რისკები იყო დანახული აღმზრდელებთან დაკავშირებით, ისინი დაწესებულებაში აღარ იმყოფებიან. დეტალებზე ჯერჯერობით ვერ ვისაუბრებ, თუმცა როდესაც იქნა დაიდენტიფიცირებული გარკვეული რისკები კონკრეტულ პირებთან დაკავშირებით, მათ დაწესებულების ტერიტორია დატოვეს.
როდესაც დაწესებულებაში რაიმე ტიპის რისკებზე არის საუბარი, მნიშვნელოვანია მათი განრიდება მოხდეს, ისევ ბავშვების საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე," - განაცხადა ტრეფიკინგის სააგენტოს ხელმძღვანელმა მერი მაღლაკელიძემ.
ცნობისთვის, ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონის ხელმძღვანელად ბოდბელი მთავარეპისკოპოსი, მეუფე იაკობი 2 დღის წინ დაინიშნა. სახალხო დამცველსა და მეუფე იაკობს შორის შეხვედრა ხვალ გაიმართება.
ბოლო მონაცემებით, დღის ბოლოს კიდევ 2-მა აღსაზრდელმა დატოვა ტერიტორია და ახლა ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონში 20-მდე ბავშვი რჩება.