ნამახვანში რკინის ბარიკადები აიღეს - უსაფრთხოების მიზნით განთავსებული რკინის ჯებირების დემონტაჟის გადაწყვეტილება მედიატორის შუამავლობით გამართული შეხვედრის შემდეგ მიიღეს. ამავე შეთანხმების საფუძველზე, "რიონის ხეობის მცველებმა" კომპანია "ენკას" ტექნიკის გადაადგილებას ხელი არ უნდა შეუშალონ.
პროტესტის ერთ-ერთი ორგანიზატორი, მაკა სულაძე აცხადებს, რომ ადგილზე რჩებიან დიდი რაოდენობით სამართალდამცველები, რაც მათი უფლებების შეზღუდვაა.
"ამ რაოდენობით პოლიციური ძალები მიუღებელია, ეს ზღუდავს ჩვენს უფლებებს. ამასთან, რაც მთავარია, პროკურატურის მიერ უნდა გადაიხედოს დაკავებული ბიჭების საქმე, დღესვე ველოდებით პასუხს, რა მდგომარეობაა ამ კუთხით. ზოგადად, უნდა შეწყდეს რეპრესიული დამოკიდებულება ჩვენს მიმართ,"-აცხადებს მაკა სულაძე.
აქციების ერთ-ერთი ორგანიზატორის, ვარლამ გოლეთიანის განცხადებით, შეთანხმების თანახმად, მშენებლობისთვის ხელის შეშლის ფიზიკური წინააღმდეგობა უნდა შეწყდეს და საკითხი შემდეგ შეხვედრაზე უნდა განიხილონ.
"ლოკაციები, ზოგადად, მოიხსნება და ჩვენ გადავალთ ნამახვანში ყველა ერთად. შემდგომი შეხვედრა იქნება მალევე და იქ ვაპირებთ დავაყენოთ საკითხი ამ სამუშაოების შეჩერებასთან დაკავშირებით. რა თქმა უნდა, ხელის შეშლის ფორმით პროტესტი ყოველთვის შეგვიძლია, თუმცა, შეთანხმება იყო ასეთი, რომ ჩვენი შეხვედრის მეორე ეტაპი მიეძღვნებოდა სამუშაოების შეჩერების ნაწილს და, ამიტომ, ვფიქრობთ, რომ იმ ფორმატში განვიხილოთ და არა ფიზიკურად ხელის შეშლის ნაწილში,"-აცხადებს ვარლამ გოლეთიანი.
კომპანია "ენკას" წარმომადგენლის განცხადებით, ადგილზე პოლიციელების რაოდენობა შემცირდება და სიტუაციის მიხედვით განისაზღვრება
"ბარიერები მოხსნილია და, დარწმუნებული ვარ, რომ მეორე მხარე, რომელმაც ასევე აიღო ვალდებულება, რომ ხეობაში შესვლისას დაიცავს კანონს, არ შეზღუდავს ჩვენი თანამოქალაქეების გადაადგილების უფლებას, არ იქნება ხელყოფილი კერძო საკუთრება და არ იქნება გზები გადაკეტილი. არაპროპორციული ძალა, რა თქმა უნდა, არ დარჩება, ჩვენ დავაკვირდებით მოვლენებს და ხეობაში იმდენი სამართალდამცველი დარჩება, რამდენიც დასჭირდება სიტუაციას,"-აცხადებს "ენკას" წარმომადგენელი.