19 ნოემბერი 2024,   22:38
ვრცლად
გვაქვს კომუნიკაცია სამართალდამცავ უწყებასთან, ასევე ლგბტ თემთან, რომ პრობლემები წელს აღარ გვქონდეს - ომბუდსმენის მოადგილე პრაიდის კვირეულთან დაკავშირებით

პირველიდან 5 ივლისის ჩათვლით თბილისში "პრაიდის" კვირეული მოეწყობა. აქტივისტები და მათი მხარდამჭერები კიდევ ერთხელ და ხმამაღლა ქვეყანაში ყველა მოქალაქის თანასწორობასა და ღირსების დაცვას მოითხოვენ.

კვირეულის ფარგლებში რადენიმე ღონისძიებაა დაგეგმილი. მათ შორის დოკუმენტური ფილმის ჩვენება, ქვიარ მუსიკალური ფესტივალი და მთავარი, უკვე 5 ივლისს, რუსთაველის გამზირზე ღირსების მარში იქნება.

"თბილისი პრაიდი" ხელისუფლებისგან უსაფრთხოების დაცვას ითხოვს, რადგან კვირეულის დაანონსებისთანავე გააქტიურდნენ ჰომოფობიური ჯგუფები.

სახალხო დამცველის მოადგილე ეკა სხილაძე "დღის კურიერის" ეთერში აცხადებს, რომ მნიშვნელოვანია სახელმწიფომ ლგბტ თემის წარმომადგენლების შეკრების და გამოხატვის უფლება დაიცვას, რათა სიძულვილის ჯგუფებს არ ჰქონდეთ საშუალება მათზე რაიმე ტიპის საფრთხე წარმოქმნან.

"ლგბტ თემი და მათი მხარდამჭერები წლების განმავლობაში ვერ ახერხებენ შეიკრიბონ მშვიდობიანად და გამოხატონ თავიანთი მოსაზრებები სხვების თანასწორად. ფაქტობრივად კონსტიტუციით გარანტირებული უფლება ამ ადამიანებისთვის კვლავ მიუღწეველია და სახელმწიფოს მხრიდან ჩვენ ნაკლებად ვხედავთ ისეთი ტიპის ქმედებებს, რომელიც მიმართული იქნება იმ საფრთხეების პრევენციისკენ თუ აღმოფხვრისკენ, რის გამოც ამ ადამიანებს ხშირად უარს ეუბნებიან მათი უფლებებით სარგებლობაზე და ცხადია, სახალხო დამცველს აქვს კონკრეტული კითხვები სახელმწიფოსთან, სამართალდამცველ უწყებასთან, კერძოდ, რა კეთდება იმისთვის, რომ ამ წლების განმავლობაში არსებული პრობლემა არ იყოს შემაფერხებელი იმისა, რომ ამ ადამიანებმა მშვიდობიანად გამოხატონ თავიანთი მოსაზრება, ისაუბრონ თანასწორობის მნიშვნელობაზე და ხელშემშლელი არ იყოს ის სიძულვილის ჯგუფები, რასაც ჩვენ წლების განმავლობაში ამის საპირწონედ ვხედავთ.

ჩვენ გვაქვს კომუნიკაცია როგორც სამართალდამცავ უწყებასთან, ასევე თემთან, რადგან ის პრობლემები, რასაც წლების განმავლობაში ლგბტ თემი და მათი მხარდამჭერები შეკრების უფლების გამოყნების კუთხით აწყდებოდნენ, წელს აღარ გვქონდეს სახეზე," - განაცხადა ეკა სხილაძემ.

 

დღის ამბები