19 ნოემბერი 2024,   22:40
ვრცლად
ძალიან გაზრდილია მიგრაციის რაოდენობა, რადგან ქვიარ ადამიანები უბრალოდ ვერ ხედავენ მომავალს ამ ქვეყანაში - "თბილისი პრაიდის" დირექტორი

"თბილისი პრაიდის" დირექტორის, გიორგი თაბაგარის განცხადებით, ქვიარ ადამიანებთან მიმართებით ბოლო წლებში სურათი შეცვლილია, თუმცა, მისივე თქმით, ეს საკმარისი არ არის. 

გიორგი თაბაგარი ამ კუთხით სახელმწიფოს პასუხისმგებლობაზე საუბრობს და ამბობს, რომ  ჰომოფობიის, როგორც სოციალური პრობლემის აღიარებაც კი არ ხდება სახელმწიფოს მხრიდან და ამ და სხვა პრობლემების გამო, ძალიან გაიზარდა მიგრაციის რაოდენობა ამ თემის ადამიანებისა.

"ბოლო წლებში სურათი შეცვლილია, 10 წლის წინანდელი საქართველო რომ გავიხსენო, ბევრად წინ ვართ წასულები, როგორც საკანონმდებლო, ასევე დამოკიდებულებების კუთხით. ეს კონკრეტულ კვლევებშიც აისახება ხოლმე. თუმცა ეს ნაბიჯები არ არის საკმარისი, ფუნდამენტურად არ ხდება ამ პრობლემის აღქმა, მათ შორის, არც ხელისუფლების მხრიდან.

ჰომოფობიის, როგორც სოციალური პრობლემის აღიარებაც კი არ ხდება სახელმწიფოს მხრიდან. ეს იწვევს იმას, რომ არც პოლიტიკა არის ისეთი, რომ ინფორმაციას აწვდიდეს მოქალქეებს სხვადასხვა გზით. ძალიან გაზრდილია მიგრაციის რაოდენობა ბოლო წლების განმავლობაში, რადგან ქვიარ ადამიანები უბრალოდ ვერ ხედავენ მომავალს ამ ქვეყანაში,"- აცხადებს ”თბილისი პრაიდის” დირექტორი გიორგი თაბაგარი.

1-დან 5 ივლისის ჩათვლით "თბილისი პრაიდის" კვირეული მოეწყობა. აქტივისტები და მათი მხარდამჭერები კიდევ ერთხელ და ხმამაღლა ქვეყანაში ყველა მოქალაქის თანასწორობასა და ღირსების დაცვას მოითხოვენ.

კვირეულის ფარგლებში რამდენიმე ღონისძიებაა დაგეგმილი. მათ შორის დოკუმენტური ფილმის ჩვენება, ქვიარ მუსიკალური ფესტივალი და მთავარი უკვე 5 ივლისს რუსთაველის გამზირზე ღირსების მარში იქნება.

"თბილისი პრაიდი" ხელისუფლებისგან უსაფრთხოების დაცვას ითხოვს, რადგან კვირეულის დაანონსებისთანავე გააქტიურდნენ ჰომოფობიური ჯგუფები.

დღის ამბები