19 ნოემბერი 2024,   22:36
ვრცლად
"ქართული ოცნების" წევრები რევერანსით არიან ეკლესიის მიმართ და აკრიტიკებენ ლგბტ თემს, რომელთაც უბრალოდ მშვიდობით უნდათ გავლა ქუჩაში" - ნინია კაკაბაძე

ჟურნალისტისა და "თბილისი პრაიდის" გამგეობის წევრის, ნინია კაკაბაძის განცხადებით, მნიშვნელოვანია ლგბტ თემის წარმომადგენლებს "თბილისი პრაიდის" კვირეულის ფარგლებში ჰქონდეთ როგორც ხელისუფლების, ასევე ოპოზიციის წარმომადგენლების მხრიდან მხარდაჭერა.

"ძალიან ბევრი გამოჩნდება საქმეში, არამხოლოდ დოკუმენტზე ხელმოწერით, არამედ საქმეში, სადაც მათი ჩართულობა ძალიან მნიშვნელოვანია.

საპარლამენტო ოპოზიციას მოეთხოვება პარლამენტში ბრძოლა და მოთხოვნა იმისა, რომ უსაფრთხოება იყოს დაცული და ადამიანებს მიეცეთ გამოხატვის თავისუფლება, ვინც გარეთ არის, მათთვის სხვა ფორმები არის. რა თქმა უნდა, პოლიტიკოსს აქვს ის არენა, სადაც შეუძლია ამაზე ისაუბროს, იჩხუბოს, იყვიროს.

"ქართული ოცნება" მე ვფიქრობ, რომ ბევრს არაფერს გააკეთებს, იმიტომ, რომ ნინოწმინდის პანსიონის საქმეზე მათ ეკლესია რაღაცნაირად გაუბრაზდა. მოგეხსენებათ, შემოდგომაზე კიდევ ერთი ახალი არჩევნები გვაქვს და ცხადია, მათთვის ყველაზე უზენაესი არის საარჩევნო ხმების მოპოვება. საარჩევნო ხმები ხშირად ეკლესიიდან მოდის, რადგან ხშირ შემთხვევაში არის მთავარი, რომელიც განწყობებს განსაზღვრავს, ამიტომ ჯერჯერობით რა განცხადებებიც გააკეთეს "ქართული ოცნების" წარმომადგენლებმა, ჩანს, რომ რევერანსით არიან ეკლესიის მიმართ და ძალადობრივი ჯგუფების მიმართ და აკრიტიკებენ მშვიდობიან ადამიანებს, რომელთაც უბრალოდ მშვიდობით უნდათ გავლა ქუჩაში. 

იცით, რომ მე ქალების დიდი ქომაგი ვარ პოლიტიკაში და ჩვენმა არაჩვეულებრივმა ქალმა პოლიტიკოსებმა თამარ კორძაიამ, ელენე ხოშტარიამ უკვე გააკეთეს ზუსტად ისეთი განცხადებები, რაც უნდა გააკეთონ და მათი მხარდაჭერა უკვე ჩანს და დარწმუნებული ვარ კიდევ ბევრი იქნება, რომელიც ამ კონიუნქტურას არ დამორჩილდება," - განაცხადა ნინია კაკაბაძემ.

ცნობისთვის, პირველიდან 5 ივლისის ჩათვლით "თბილისში პრაიდის" კვირეული მოეწყობა. აქტივისტები და მათი მხარდამჭერები კიდევ ერთხელ და ხმამაღლა ქვეყანაში ყველა მოქალაქის თანასწორობასა და ღირსების დაცვას მოითხოვენ.

კვირეულის ფარგლებში რადენიმე ღონისძიებაა დაგეგმილი. მათ შორის დოკუმენტური ფილმის ჩვენება, ქვიარ მუსიკალური ფესტივალი და მთავარი უკვე 5 ივლისს რუსთაველის გამზირზე ღირსების მარში იქნება.

"თბილისი პრაიდი" ხელისუფლებისგან უსაფრთხოების დაცვას ითხოვს, რადგან კვირეულის დაანონსებისთანავე გააქტიურდნენ ჰომოფობიური ჯგუფები.

 

დღის ამბები