ფონდ ”ევროპელი ქალები საერთო მომავლისთვის” საქართველოს ოფისის კოორდინატორმა იდა ბახტურიძემ "დღის კურიერის" ეთერში "თბილისი პრაიდის" მიერ დაგეგმილ ღონისძიებაზე ისაუბრა, რომელიც 5 ივლისს გაიმართება და ხაზგასმით აღნიშნა, რომ ეს ერთგვარი ტესტი იქნება სახელმწიფოსათვის და ხელისუფლებამ უნდა უზრუნველყოს ამ ხალხის უსაფრთხოება.
"ძალიან მნიშვნელოვანი დღეა 5 ივლისი, ძალიან მნიშვნელოვანი ტესტი უნდა ჩააბაროს სახელმწიფომ და აქ წინასაარჩევნოდ, ხელისუფლებამაც ძალიან მნიშვნელოვანი ტესტი უნდა ჩააბაროს, ამიტომ, ეს ყველას ინტერესია. როგორც ხელისუფლების, როგორც ამ ქვეყნის საზოგადოების და არა მხოლოდ უფლებადამცველების მისიაა ის, რომ ამ ქვეყანამ გაიაროს ეს ეტაპი ძალიან სწორად და კარგად.
ამიტომ, ძალიან უნდა შევეცადოთ, რომ პრაიდის კვირეული ჩატარდეს და აუცილებლად ჩატარდება ამ ქვეყანაში. ხაზგასმით უნდა ითქვას, რომ სახელმწიფო და ხელისუფლება ვერ მოთხოვს და ვერ გადააბარებს ამ პასუხისმგებლობას ვერავის." - განაცხადა იდა ბახტურიძემ.
შეგახსენებთ, რომ 1-დან 5 ივლისის ჩათვლით "თბილისში პრაიდის" კვირეული მოეწყობა. აქტივისტები და მათი მხარდამჭერები კიდევ ერთხელ და ხმამაღლა ქვეყანაშ ყველა მოქალაქის თანასწორობასა და ღირსების დაცვას მოითხოვენ.
კვირეულის ფარგლებში რამდენიმე ღონისძიებაა დაგეგმილი. მათ შორის დოკუმენტური ფილმის ჩვენება, ქვიარ მუსიკალური ფესტივალი და მთავარი უკვე 5 ივლისს რუსთაველის გამზირზე ღირსების მარში იქნება.
"თბილისი პრაიდი" ხელისუფლებისგან უსაფრთხოების დაცვას ითხოვს, რადგან კვირეულის დაანონსებისთანავე გააქტიურდნენ ჰომოფობიური ჯგუფები.