ათენში მომხდარი გახმაურებული დანაშაული - ცოლის მკვლელობაში ბრალდებულის პირველ ჩვენებას ბერძნული მედია ავრცელებს.
ქმარი ყვება, როგორ და რა გარემოებაში ჩაიდინა დანაშაული. ინტერვიუ მძიმე ფაქტებს შეიცავს:
"განადგურებული ვარ, სიძულვილის გამო ჩემს ქალიშვილს ობლად გაზრდა მიუსაჯეს. 11 მაისის ღამეს ვიჩხუბეთ, მეუღლემ საწოლიდან გადმომაგდო და დავინახე, რომ ის წავიდა ბავშვის საწოლში ჩასასმელად. მე მივედი მასთან და როდესაც ყვირილი დაიწყო, ხელები პირზე დავაფარე, როდესაც მივხვდი, რომ ჩემი ცოლი უკვე მკვდარი იყო, ვეძებდი გზებს, თუ როგორ დამემალა ეს, რადგან სახლში 11 თვის ბავშვი მყავდა.
თანამზრახველი არ მყოლია. მე თვითონ გავაკეთე ეს ყველაფერი და მაქსიმალურად ვცდილობდი, რომ დამაჯერებლად გამეკეთებინა. ამისთვის მოვკალი ჩემი ძაღლი და სკამზე თავი დავიბი. შემდეგ პოლიციაში დავრეკე. ამის შემდეგ მინდოდა სახლი შემეცვალა, რათა მოგონებებს გავქცეოდი," - განაცხადა ბრალდებულმა ბაბის ანაგნოსტოპულოსმა.
ის ფაქტი, რომ თავდაპირველად მკვლელობა საქართველოს მოქალაქის სახელს დაუკავშირდა, საბერძნეთში მცხოვრებ ქართველებში პროტესტს იწვევს. მათი თქმით, ბოლო პერიოდში ბერძენი სამართალდამცველები და მედია მომხდარ დანაშაულებში საქართველოს მოქალაქეებს ადანაშაულებენ.
თავდაპირველად მკვლელობა საქართველოს მოქალაქეს ბრალდებოდა, თუმცა ქმრის აღიარების შემდეგ საქართველოს მოქალაქეს ბრალდება მოეხსნა.
"კურიერი" დაუკავშირდა საგარეო საქმეთა სამინისტროს. საბერძნეთის საკონსულომ მომხდართან დაკავშირებით წერილობითი განმარტება გააკეთა.
"საქართველოს საელჩოს საბერძნეთში ჰქონდა მყისიერი რეაგირება აღნიშნულზე. საელჩო მუდმივ კონტაქტზე იმყოფებოდა ადგილობრივ სამართალდამცველ ორგანოებთან. საელჩოს ჰქონდა კომუნიკაცია ადგილობრივ მედიასაშუალებებთან, რათა მათ გამოძიების დამთავრებამდე თავი შეეკავებინათ სიტუაციის დაძაბვისგან.
საქართველოს საელჩო მისი კომპეტენციის ფარგლებში ყოველთვის აქტიურად მუშაობს მედია საშუალებებთან, იმისთვის, რომ საქართველოზე პოზიტიური იმიჯი იყოს შექმნილი," - ნათქვამია განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ 20 წლის ქალი მეუღლემ, რომელიც ერთ-ერთი ცნობილი ავიახაზების პილოტია, შვილის თანდასწრებით გაგუდა. შემდეგ თავდასხმის ინსცენირება მოაწყო და თავი სკამზე საკუთარი ხელით დაიბა. პოლიცია კვალზე მისი ჩვენების მიხედვით გავიდა, რომელშიც მამაკაცის მიერ მიცემული ჩვენებები საქმეში არსებულ გარემოებებს არ ემთხვეოდა.
ავტორი: ხათუნა გაგნიძე