სოფელ სარტყელაში ექნებათ თუ არა წყალი, მხოლოდ ატმოსფერულ ნალექზეა დამოკიდებული. თუ მთებზე თოვლია, სოფელი წყალს სვამს, თუ არა და იძულებულია სახლები დატოვოს. ახლა ზაფხულია, თოვლი დნება და ოჯახებს ცხელი ზაფხულის გატარება უწყლოდ მოუწევთ. თუმცა ეს ერთადერთი პრობლემა არ არის.
სოფელი თითქმის ყველა მოსახლემ დატოვა. ყოფით პრობლემებს აქ უგზოობაც ემატება, რის გამოც ყოველდღიური გადაადგილება ფაქტობრივად შეუძლებელია.
სოფლამდე მხოლოდ ერთი გზა მიდის და მასზე მსუბუქი მანქანები ვერ გადაადგილდებიან. ადგილობრივების თქმით, დიდი ავტომობილებით ამოსვლა საკმაოდ ძვირი ჯდება, რისი საშუალებაც არ აქვთ, სწორედ ამიტომ მათ კილომეტრების გავლა ფეხით უწევთ.
ადგილობრივები მხოლოდ მიწის დასამუშავებლად სეზონურად ბრუნდებიან, თუმცა აქაც პრობლემები ექმნებათ. წლის ყველა სეზონზე გაუკაცრიელებულ სოფელში გარეული ცხოველები მიდიან და მოსავალს ანადგურებენ, სწორედ ამიტომ საქონლის ყოლაც შეუძლებელია.
მიუხედავდ იმისა, რომ სოფელი სარტყელა ქალაქ ხაშურთან საკმაოდ ახლოსაა, უგზობა, უშუქობა და უწყლობა მაინც მთავარ გადაუჭრელ პრობლემად რჩება.
კონკრეტულად როდის მოგვარდება პრობლემა ჯერჯერობით უცნობია. ადგილობრივ ხელისუფლებაში ამბობენ, რომ ყველა პრობლემის მოსაგვარებლად საჭირო რესურსი არ არსებობს. იმის გამო კი, რომ სარტყელა მოსახლეობისგან დაიცალა, სოფელი პრიორიტეტი აღარაა.
სოფელი სარტყელა ორ საუკუნეა არსებობს, საკმაოდ დასახლებული ადგილი ახლა მოსახლეობისგან სრულად არის დაცლილი. თუ ყოფითი პრობლემები არ მოგვარდება, ადგილობრივები სარტყელაში დაბრუნების აზრს ვერ ხედავენ.