საფრანგეთში ყურადღების ცენტრშია სასამართლო პროცესი, სადაც განსასჯელის სკამზე ზის ქალი, რომელმაც მასზე მოძალადე ქმარი მოკლა. მკვლელობა მისივე აღიარებით, 2016 წელს ჩაიდინა, ამჯერად კი ქალის გათავისუფლების პეტიციას ხელი 600 000-მა მოქალაქემ მოაწერა.
ისტორია საკმაოდ რთულია. როგორც ბრალდებული ქალი ვალერია ბაკოტი ამტკიცებს, მის მიერ მოკლული მამაკაცი ქალის მამინაცვალი იყო და მასზე ბავშვობიდან ძალადობდა, შემდეგ კი აიძულა, ცოლად გაჰყოლოდა და 4 შვილი გაეჩინა. ქალის აღიარებით ჩვენებში ასევე წერია, რომ ცხედრის გადამალვა ორი შვილის დახმარებით შეძლო.
ეს სასამართლო პროცესი ფრანგულ საზოგადოებაში დებატების თემად იქცა, როგორც ქალის წინააღმდეგ მიმართული ძალადობა.
საქმე იმაშია, რომ ვალერია ბაკოტის ადვოკატების მტკიცებით, მოკლული მამაკაცი მასზე 25 წლის განმავლობაში ძალადობდა. მკვლელობის საბაბად კი საბოლოოდ იქცა შიში, რომ მამაკაცის მსხვერპლი შემდეგ მისი ქალიშვილი იქნებოდა.
ბაკოტის მტკიცებით, მოკლული მასზე 25 წლით უფროსი იყო და ძალადობა ჯერ კიდევ მაშინ დაიწყო, როდესაც ის მხოლოდ 12 წლის იყო. მაშინდელი დანაშაულისთვის მამაკაცმა 1990-იანებში ციხეში ორ წელიწადნახევარი გაატარა, თუმცა გათავისუფლების შემდეგ იმავე ოჯახში დაბრუნდა, ძალადობა გააგრძელა და ბოკეტი მისგან 17 წლის ასაკში პირველად დაორსულდა, შემდეგ ცოლად გაყოლაც აიძულა, ცოლ-ქმრობის პერიოდში კი აიძულებდა სექსმუშაკად ემუშავა.
ადვოკატის განცხადებით, ძალადობის მსხვერპლი ქალები დაუცველები არიან, სასამართლო ხელისუფლება კი, მსგავსი მოძალადე დამნაშავეების მიმართ ზედმეტად რბილია, ამიტომ ასეთი მსხვერპლი ქალები იძულებული ხდებიან სასოწარკვეთილების დროს თავის გადასარჩენად მკვლელობაც კი ჩაიდინონ.