მსახიობმა იმედა კახიანმა "ღამის კურიერის" ეთერში განაცხადა, რომ მსახიობების მხრიდან რუსეთში ჩასვლა და იქ სპექტაკლის გამართვა, საკუთარი ქვეყნის დაცვის ერთგვარი ხერხია.
მისივე მოსაზრებით, ეს არის მათი ერთადერთი იარაღი მტრის წინააღმდეგ.
"დღეს რა საშუალება გვაქვს მსახიობებს, რომ ჩვენი ქვეყანა დავიცვათ და თუნდაც, რუსეთს ვებრძოლოთ? მხოლოდ ის, რომ ჩავიდეთ იქ და ვაჩვენოთ კიდევ ერთხელ, რომ ჩვენ არავის დასაჩაგრი და არავისზე ნაკლები არ ვართ, ეს ჩვენი ვალდებულებაა. მე რომ მომცენ დღეს უფლება, სიამოვნებით წავალ მოსკოვში და 5 კაციც რომ მოვიდეს და ტაში დამიკრას, მეტი არ მინდა - ის 5 კაციც ხომ ჩემი გახდა?! ჩემი იარაღი ეს არის, სხვა იარაღი მსახიობს არ აქვს,"-განაცხადა კახიანმა.
შეგახსენებთ, რომ რუსთაველის თეატრის დასი რობერტ სტურუას ხელმძღვანელობით მოსკოვში, ჩეხოვის საერთაშორისო თეტრალურ ფესტივალში იღებს მონაწილეობას, რასაც საზოგადოების გარკვეული ნაწილის კრიტიკა მოჰყვა.