19 ნოემბერი 2024,   22:22
ვრცლად
რატომ ჩაიკეტა გელათის სამონასტრო კომპლექსი - ძეგლის რესტავრირებას უცხოელი ექსპერტები ცდილობენ

გელათის სამონასტრო კომპლექსი ჩაკეტილია, მიზეზი იუნესკოს ექსპერტთა ჯგუფის ვიზიტია. ისინი დღეს ძეგლის მდგომარეობის შესწავლას დაიწყებენ. ერთი კვირის განმავლობაში კედლის მხატვრობის ექსპერტები და რესტავრატორები 2008 წლის გადახურვის პროექტის ხარვეზებს დააკვირდებიან, საბოლოო დასკვნის მეშვეობით კი, სამოქმედო გეგმას შეიმუშავებენ.

არასამთავრობო ორგანიზაცია "ევროპა ჩვენი სახლიას" წევრის თორნიკე ბარათაშვილის განცხადებით, სამონასტრო კომპლექსის ჩაკეტვა პროცესის მიმართ ნდობას კიდევ უფრო ანელებს. 

"არ გვქონდა მოლოდინი, რომ გელათის სამონასტრო კომპლექსი დაკეტილი დაგვხვდებოდა. არც მედიას აქვს გადაადგილების და სიტუაციის აღნუსხვის უფლება და არც ჩვენ, ნეიტრალურ ორგანიზაციას. მათ შევახსენებთ, რომ ერთი წლის მანძილზე ჩვენ გამოგვქონდა აქედან ინფორმაცია და და ერთ-ერთი საფუძველი, თუ რატომ არიან ექსპერტები ჩამოსული, ჩვენს მიერ გავრცელებული ინფორმაცია იყო. ნდობა ამითი უფრო და უფრო ნელდება,"-აცხადებს ბარათაშვილი. 

საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის პირველი მოადგილის კახა სიხარულიძის განცხადებით, ექსპერტების სურვილი იყო, რომ საქმიანობის პირველ ეტაპზე მედიასთან ურთიერთობისგან თავი შეეკავებინათ.

"მათი სურვილი იყო, რომ საქმიანობის პირველ ეტაპზე მედიასთან ურთიერთობისგან თავი შეეკავებინათ. როგორც მსოფლიოს ყველა ცივილიზებულ ქვეყანაში ხდება, უნდა იყოს ძეგლის ტერიტორია დროებით დაკეტილი, ვიდრე ექსპერტები მუშაობენ, იმისათვის, რომ მათ წყნარად, კონცენტრირებულად მუშაობის საშუალება ჰქონდეთ,"- აცხადებს მინისტრის მოდგილე. 

დღის ამბები