სიახლეს, რომლის თანახმადაც, ფიზიკური და იურიდიული პირები ჯარიმებისგან თავისუფლდებიან, კერძო სექტორი ეხმაურება. საუბარია 245 ათასზე მეტ მოქალაქესა და 344 იურიდიულ პირზე, საერთო ჯამში 76 მილიონი ლარის გადაუხდელ ჯარიმებზე.
დამრღვევი პირების ჯარიმებისგან გათავისუფლებას პოზიტიურად აფასებს საქართველოს ბიზნეს ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი ლევან ვეფხვაძე.
მისი თქმით, ეს ბიზნეს სექტორისთვის დამატებითი სტიმული იქნება და ბიზნესს შეუძლია თანხა საკუთარ განვითარებას მოახმაროს.
"ვსაუბრობთ რამდენიმე ათეულ მილიონზე, რომელსაც სახელმწიფო კი არ ამოიღებს, არამედ ტოვებს. ეს იმას ნიშნავს, რომ ის ადამიანები ვინც დაჯარიმდნენ, მათ შესაძლებლობა ექნებათ, ეს თანხა ბიუჯეტში კი არ მიმართონ, არამედ შეიძინონ მომსახურება სერვისებით და ეს ბიზნესისთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი.
მეორე არის ის ბიზნესები, რომლებიც დაჯარიმდა, თუ არის ისეთები, რომლებსაც დღეს კიდევ პრობლემა აქვთ, მე მგონი ეს პრობლემები მოიხსნება.
ესეთი გადაწყვეტილებები უფრო მეტ ოპტიმიზმს აჩენს ადამიანებში, ბიზნესში და შესაბამისად, ეკონომიკა წინ უნდა მიდიოდეს,“ - აცხადებს ლევან ვეფხვაძე.