19 ნოემბერი 2024,   22:28
ვრცლად
​გამოიწვევს თუ არა რეგულაციების სრული მოხსნა მძიმე მეოთხე ტალღას ინდური შტამის გავრცელების ფონზე - ბიძინა კულუმბეგოვის მოსაზრება

სახელმწიფომ, კორონავირუსის ახალი ვარიანტების გამოჩენის პარალელურად, ქვეყანაში რეგულაციების მოხსნა დაიწყო. ამ გადაწყვეტილებას კი, ეპიდემიოლოგებისა და სპეციალისტების ნაწილისგან კრიტიკა მოჰყვა. 

საქართველოში გამოჩნდა ინდური შტამიც, რომელიც სპეციალისტების განმარტებით, შედარებით სწრაფად ვრცელდება და მისი სამიზნე ძირითად შემთხვევაში ახალგაზრდები არიან. 

ალერგოლოგ-იმუნოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი "რუსთავი 2-თან" საუბრისას ამბობს, რომ ის რეგულაციების გამარტივებას არ ემხრობა:

"სანამ ვაქცინაციის პროცესი წარმატებული არ იქნებოდა, მე არც ერთი რეგულაციის გამარტივების მომხრე არ ვიყავი. ღია სივრცეში ადამიანებს, რომლებიც მარტო გადაადგილდებოდნენ, ისედაც არავინ აჯარიმებდა.

როგორც კი ითქვა, რომ გარეთ პირბადე არ არის საჭირო, გაჩერებებზე ყველა პირბადის გარეშე დგას. ამიტომ, ეს აბსოლუტურად წყალში გადაყრილი ნორმაა. შესაბამისად, ყოველთვის არსებობს რისკები - ადამიანებს, როდესაც ეტყვი რომ მოიხსენი ნიღაბი, შემდეგ მათი გაკონტროლება ძალიან რთულდება,"- აცხადებს ბიძინა კულუმბეგოვი.

ასევე, შეკითხვაზე თუ როდისთვის ველოდებით შემდეგ ტალღას და რამდენად შეიძლება ის უფრო ძლიერი იყოს ვიდრე წინა, კულუმბეგოვი აცხადებს, რომ ინფექციის გავრცელება ისეთი ძლიერი აღარ იქნება, როგორც ეს აქამდე იყო, თუმცა აგვისტოს ბოლოდან, ქვეყანაში  ინფექციის მატება კვლავ იქნება. 

"საერთოდ ეს მრუდი გამოიკვეთა, რომ წელიწადში 3 თვე არის აღმავლობა, მერე დაღმავლობა, ანუ ინფექციის გავრცელება წელიწადში 6 თვე იმატებს, 6 კი იკლებს. რეალურად, ახლა, ივნისიდან დაღმავლობა დაიწყო, აგვისტოს ბოლოდან კი, ისევ იქნება შემთხვევების მატება. მაგრამ, იმედია ამ დროისთვის, მინიმუმ 900 000 ვაქცინირებული ადამიანი გვეყოლება.

ასევე არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ 25-დან 30%-ია თითქმის ინფექციის გადატანის მაჩვენებელი, ეს ყველაფერი გვაძლევს იმის თქმის საფუძველს, რომ შემდეგში ინფექციის გავრცელება ისეთი ძლიერი აღარ იქნება, როგორც ეს აქამდე იყო,"- განაცხადა კულუმბეგოვმა. 

როგორ მუშაობს ვაქცინა კორონავირუსის ახალ ვარიანტებზე? - აღსანიშნავია, რომ ​ისრაელში მოსახლეობის უდიდესი პროცენტი აიცრა, თუმცა დელტა ვარიანტმა ცირკულირება მაინც დაიწყო, ერთეული შემთხვევებიდან 100-ზე მეტ შემთხვევებზე გადავიდნენ და ისევ ნიღბები დააწესეს.

ბიძინა კულუმბეგოვის თქმით, ის, რომ ვაქცინაცია არ მუშაობს მაშინ უნდა ვთქვათ, თუ ვაქცინირებული ადამიანები დაინფიცირდებიან.

"ჯერჯერობით ისრაელის მაგალითი ამას არ ამტკიცებს. იქ არავაქცინირებულ ადამიანებს დაემართათ ვირუსი. ამიტომ, ჯერჯერობით ვაქცინების წარუმატებლობაზე არ ვსაუბრობთ. ვაქცინების წარმატება კიდევ ითვლება იმით, სიკვდილიანობა და ჰოსპიტალიზება გაიზრდება თუ არა," - განმარტა ბიძინა კულუმბეგოვმა. 

ალერგოლოგ-იმუნოლკოგს ასევე დავუსვით კითხვა, როდესაც საუბრობს, რომ ახალი ტალღა აღარ იქნება საფრთხის შემცველი ვაქცინირებულებისთვის, რამდენად იგულისხმება ამ ვაქცინებში ჩინური ვაქცინა, მაგალითად sinopharm-ი ან sinovac-ი?

"ეს მონაცემი ჩვენ არ გვაქვს. ჩვენ გვაქვს მონაცემი, რომ დელტა ვარიანტის შემთხვევაში Pfizer და Astrazeneca მუშაობს 30%-ით, მეორე დოზის დამატების შემთხვევაში კი pfizer-ის პროცენტი ადის 88-ზე, Astrazeneca-ს შემთვევაში კი 60%-ზე. ჩინურ ვაქცინასთან მიმართებაში, სამწუხაროდ, ჩვენ ეს ეპიდემიოლოგიურ-კლინიკური მონაცემები რეალურ ცხოვრებაში დელტა ვარიანტთან მიმართებით არ გვაქვს.

ერთადერთი ირიბი მაჩვენებელი, რომელიც შეგვიძლია გამოვიყენოთ, არის ჩინური ტიპის ვაქცინა, რომელიც აქვს თვითონ ინდოეთს, ის საკმაოდ კარგად მუშაობს და ორჯერადად აცრილი ადამიანები ინდოეთის ძლიერი ტალღის დროსაც კი არ ხვდებოდნენ კლინიკაში და არ იღუპებოდნენ, ამიტომ მე იმედს ვიტოვებ, რომ რადგანაც ის ჩინური ვაქცინა მუშაობს, sinovac-საც და sinopharm-საც ექნება ნორმალური დაცვის მაჩვენებელი,"- აღნიშნა ბიძინა კულუმბეგოვმა. 

ვისაც უგვიანდება მეორე დოზის გაკეთება, რაიმე პრობლემას ხომ არ ქმნის ეს იმუნიტეტის გამომუშავების თვალსაზრისით? 

"სახელმწიფომ ამ ეტაპზე ყველაფერი გააკეთა იმისათვის, რომ ყველა დოზის მობილიზება მოხდეს. ახლახანს დასრულდა იმუნიზაციის საბჭოს შეხვედრაც. შესაბამისად, ადამიანებს, რომლებსაც 10-დან 12 კვირა ჰქონდათ რეგისტრაცია, მათ კვლავ შეეძლებათ ეს რეგისტრაცია გაიარონ სპეციალურ პორტალზე დადოზეი გადაუნაწილდებათ. 

დანარჩენი ადამიანებისთვის კი, რომელთა რეგისტრაციაც 6 კვირაში იყო, არაუმეტეს ივლისის პირველი კვირისა ვაქცინა შემოვა და მათთანაც დაცული იქნება ეს ვადა," - განაცხადა "რუსთავი 2-თან" საუბრისას ბიძინა კულუმეგოვმა. 

ამასთან, იმ ადამიანებს, ვისაც ვაქცინის პირველი დოზის გაკეთების დროს, რაიმე სახის გართულება გამოუვლინდათ, თუმცა არა ანაფილაქსიური შოკი, არამედ უბრალოდ ემოციური ფონისგან გამოწვეული წნევა ან სხვა გვერდითი ეფექტი, ბიძინა კულუმბეგოვი ურჩევს, მეორე დოზაც აუცილებლად გაიკეთონ, ოღონდ დამამშვიდებელი პრეპარატების დახმარებით. 

დღის ამბები