შიდა ქართლის მხოლოდ ოთხ რაიონში 250 მარტოხელა მოხუცი სოციალური დახმარების გარეშეა დარჩენილი. ხანდაზმული მოქალაქეების ფიზიკური და სოციალური მდგომარეობა იმდენად მძიმეა, რომ მათ სოციალური სააგენტოსთვის დამოუკიდებლად მიმართვა არ შეუძლიათ.
ადამიანის უფლებათა ცენტრის მონაცემებით, პრობლემა კიდევ უფრო მასშტაბურია და მის აღმოსაფხვრელად სახელმწიფოს დროული ჩარევაა საჭირო.
სოციალურ სააგენტოში პრობლემის შესახებ იციან და ხანდაზმულ მოქალაქეებს დარეგისტრირებას ცხელი ხაზის ნომერზე - 15 05 დარეკვის მეშვეობით სთავაზობენ, მაგრამ პრობლემა იმაშია, რომ მარტოხელა მოხუცებს ამის შესახებ ინფორმაციას არავინ აწვდის.
"კურიერმა" გაარკვია, რომ საინფორმაციო კამპანია, მაგალითად ქარელის რაიონში, არ ჩატარებულა.