19 ნოემბერი 2024,   22:45
ვრცლად
ცნობილი ქართველი მხატვარი ზურაბ ნიჟარაძე გარდაიცვალა

ცნობილი ქართველი მხატვარი ზურაბ ნიჟარაძე  92 წლის ასაკში გარდაიცვალა. საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო სამძიმრის წერილს აქვეყნებს:

"ზურაბ ნიჟარაძე მეოცე საუკუნის 50-იანელ მხატვართა გამორჩეული თაობის წარმომადგენელი იყო.  ახალგაზრდობაშივე გამოვლენილი განსხვავებული მხატვრული ხედვისა და შემოქმედებითი თავისუფლების გამო, მეგობრებმა ასოციაციურად პაბლო პიკასოსთან დააკავშირეს და მას მეტსახელად „პიკო“ შეარქვეს.

სხვადასხვა წლებში მხატვრის პერსონალური გამოფენები ეწყობოდა როგორც საქართველოში, ისე გერმანიის, რუსეთის, საფრანგეთის, საგამოფენო სივრცეებში. ზურაბ ნიჟარაძის ნამუშევრები დაცულია საქართველოს სხვადასხვა მუზეუმში, ასევე ლუდვიგის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში, რიო-დე-ჟანეიროს ნაციონალურ გალერეაში,  აშშ-ის, იტალიის, გერმანიის, საფრანგეთის, შვედეთის, საბერძნეთისა და სხვა ქვეყნების კერძო კოლექციებში.

საქართველოს სახალხო მხატვარი რუსთაველის პრემიის ლაურეატი იყო.

ზურაბ ნიჟარაძის გარდაცვალება დიდი დანაკლისია ქართული კულტურისათვის.

საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო მწუხარებას გამოთქვამს ზურაბ ნიჟარაძის გარდაცვალების გამო და უსამძიმრებს მის ოჯახს, ახლობლებსა და სრულიად ქართულ საზოგადოებას," - ნათქვამია სამძიმრის წერილში.

დღის ამბები