19 ნოემბერი 2024,   22:42
ვრცლად
დების უმძიმესი ისტორია, რომლებზე მუქარის კვალი ვერც ოჯახმა, ვერც სკოლამ ვერ შენიშნა - ბავშვების გაუპატიურების ბრალდებით 2 მამაკაცი დააკავეს

უმძიმესი ისტორია, რომელიც არასრულწლოვნებს ეხება - 8 წლის გოგონას მეზობელი მამა-შვილი 2 წლის განმავლობაში აუპატიურებდა. ერთ-ერთმა არასრულწლოვანმა სექსუალური ძალადობის შესახებ მშობლებს მას შემდეგ უამბო, რაც ძლიერმა ტკივილმა შეაწუხა.

გამოძიებით დადგინდა, რომ არასრულწლოვნის გაუპატიურების გამო დაკავებულმა ერთ-ერთმა კაცმა 2018 წელს 9 წლის გოგოს მიმართაც ჩაიდინა სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედება, ის 8 წლის გოგონას დაა. დაკავებულები 63 და 36 წლის მამაკაცები არიან. 

8 წლის გოგონამ მეზობელი მამაკაცების მხრიდან, რამდენიმეწლიან ძალადობასა და მუქარაზე დედას 21 ივნისს უამბო. გოგონა ოჯახმა ექსპერტიზაზე წაიყვანა, გაუპატიურების კვალი დადგინდა, რის შემდეგაც პოლიციას აცნობეს. საქმის გახსნიდან მალევე, გამოძიებამ გაარკვია, რომ სექსუალური ძალადობის მსხვერპლია მოზარდის გოგონას დაც. 8 და 9 წლის ბავშვებს სავარაუდო მოძალადეები დუმილს აიძულებდნენ, წინააღმდეგ შემთხვევაში კი ოჯახის წევრების დახოცვით ემუქრებოდნენ.

სოფელმა შემზარავი დანაშაულის შესახებ გუშინ გაიგო, როდესაც სამართალდამცველებმა არასრულწლოვნების სექსუალურ ძალადობაში მხილებული მამა-შვილი საკუთარ სახლში დააკავეს. ერთ-ერთ 35 წლის დაკავებულს 4 შვილი და მეუღლე ჰყავს, რომლებიც სოფლიდან გაიქცნენ.

ძალადობის მსხვერპლ ბავშვებთან ფსიქოლოგიური დახმარების მიზნით, ამ დრომდე არ მისულა სოციალური სამსახური. თანასოფლელების და და ოჯახის მსგავსად, ბავშვებზე 2 წლის განმავლობაში მუქარის და ძალადობის კვალი ვერ შენიშნეს ვერც სკოლაში, სადაც მსხვერპლი დები სწავლობენ.

დაკავებულ მამა-შვილს ბრალის დამტკიცების შემთხვევაში თხუთმეტიდან 20 წლამდე, ან უვადო პატიმრობა ემუქრებათ. 

სამეგრელოს რეგიონში არასრულწლოვნების გაუპატიურებისთვის დაკავებულ მამა-შვილს სოფლის მოსახლეობამ სახლი დაუწვა. ადგილობრივები დამნაშავეების ლინჩის წესით გასამართლებას ითხოვენ.

დღის ამბები