19 ნოემბერი 2024,   22:25
ვრცლად
5 ივლისს რუსთაველის ძეგლთან ვიქნები, უმსგავსო აღლუმის ჩატარებას აღვუდგებით წინ - ლევან ვასაძე

ლევან ვასაძე სტამბულის საავადმყოფოდან ვიდეო-მიმართვას ავრცელებს. მოძრაობა "ერთობა, რაობა, იმედის" ლიდერი საზოგადოებასა და ხელისუფლებას მიმართავს.

ვასაძე იმუქრება, რომ ღირსების მარშს ჩაშლის. იგი მოუწოდებს ხელისუფლებას, არ დაუშვან 5 ივლისს დაგეგმილი პრაიდის კვირეულის ღონისძიება.

ულტრანაციონალისტური იდეოლოგიის მქონეს ბიზნესმენი და ახლა უკვე პოლიტიკოსიც, კონტრაქციას აანონსებს. ასევე იმედოვნებს, რომ თუ ჯანმრთელობა ხელს შეუწყობს, თვითონაც რუსთაველზე იქნება.

"ჩვენ ამას არ დავუშვებთ. 5 ივლისს ყველას მოგიწოდებთ და გეპატიჟებით, მოვიდეთ რუსთაველის გამზირზე. სხვადასხვა ჯგუფები იკრიბებიან სხვადასხვა ადგილას რუსთაველზე. მე პირადად მივალ დილიდან რუსთაველის ძეგლთან, იმიტომ, რომ 12 საათზე ამათ უნდათ უმსგავსო აღლუმის ჩატარება და ჩვენ ამას აღვუდგებით წინ," - განაცხადა ლევან ვასაძემ.

ამასთან, როგორც ვასაძემ ვიდეომიმართვაში განაცხადა, მიმდინარეობს კომპლექსური კვლევა და გაუარესების გამომწვევი საბოლოო მიზეზი ცნობილი არ არის.

"გასული 2 თვის განმავლობაში გამიუარესდა ჯანმრთელობის მდგომარეობა, რაც გამოიხატა სხვადასხვა ორგანოების უკმარისობაში, ენერგიის ვარდნაში, კიდურების შეშუპებაში და ა.შ. ექიმებთან ვიარე თბილისშიც, მოსკოვშიც და ახლა სტამბულში, რომ აქაც დავეკითხო აზრს. მიმდინარეობს კომპლექსური კვლევა, ჯერ საბოლოო პასუხი არ არის," - აღნიშნა ვასაძემ.

დღის ამბები