19 ნოემბერი 2024,   22:40
ვრცლად
5 ივლისს თბილისი პრაიდი ღირსების მარშს გამართავს - მარშის სლოგანი იქნება "გამოდი სოლიდარობისთვის"

5 ივლისს "თბილისი პრაიდი" ღირსების მარშს გამართავს სლოგანით - "გამოდი სოლიდარობისთვის".

"თბილისი პრაიდის" წევრები ამბობენ, რომ კვირეულის განმავლობაში იქნება სხვადასხვა ტიპის ღონისძიებები, მათ შორის ყველაზე მთავარი იქნება "ღირსების მარში". ამ ღონისძიებებში, მათი განცხადებით, მონაწილეობას მიიღებენ საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფები, არასამთავრობო ორგანიზაციები, პოლიტიკოსები, ასევე ელოდებიან დიპლომატების მხარდაჭერასაც.

"საკმაოდ მძიმე გამოწვევებთან არის დაკავშირებული თბილისი პრაიდის კვირეულის ორგანიზება და არ შეიძლება, რომ ნორმალურ საზოგადოებაში მსგავსი ტიპის შიშები არსებობდეს, რომ ადამიანებს ეშინოდეთ ქუჩაში გასვლა.

სამწუხაროდ სახელმწიფო ეფექტურად ვერ პასუხობს ამ ჯგუფებს და ეს დაუსჯელობის სინდრომი და შერჩევითი სამართალი არის ის, რაც პრინციპში ანგრევს მთლიანად სახელმწიფო ინსტიტუციებს," – აცხადებს "თბილისი პრაიდის" ხელმძღვანელი გიორგი თაბაგარი.

თუმცა ეს ყველაფერი არ იქნება წინააღმდეგობის გარეშე. როგორც ცნობილია, საზოგადოების გარკვეული ჯგუფები უკვე ღიად გამოხატავენ ამასთან დაკავშირებით პროტესტს და ემზადებიან იმისთვის, რომ კონტრაქციებიც გაიმართოს.

"თბილისი პრაიდის" წევრები ამბობენ, რომ მათი ქმედებები არ იქნება დამყარებული შიშზე, პირიქით, ისინი შეეცდებიან საკუთარი ქმედებებით: ღონისძიების ორგანიზებით, მშვიდობიანი ფორმებით შეეწინააღმდეგონ, როგორც თავად ამბობენ, საქართველოში და ქართულ საზოგადოებაში მოჭარბებულ ძალადობრივ განწყობებს.

"ჩვენ ყოველთვის, როდესაც ასეთი ტიპის ღონისძიებებს ვაორგანიზებთ, წინა პერიოდში გვიკავშირდებიან ე.წ. კეთილის მსურველები, რომლებიც დაკავშირებული არიან სუსთან და გვეუბნებიან, რომ რაღაცა კატასტროფა მოხდება და ჩვენთვისვე უკეთესია, რომ უკან დავიხიოთ. ეს არის ძალიან ნაცადი ხერხი. ყოველდღიურად ვიღაცები გვაწვდენენ ხმას და წყარო არის ხოლმე სუსი. ცოტა უცნაურია, რომ სუსიდან ვითომ კეთილის მსურველები ჩვენს გაფრთხილებას ცდილობენ და თუ ისინი ამ ინფორმაციას ფლობენ, რატომ არ დგამენ კონკრეტულ ნაბიჯებს იმისთვის, რომ ჩვენ დაგვიცვან. ეს ჩემთვის მეტყველებს იმაზე, რომ სახელმწიფო სამწუხაროდ დღეს მოწადინებულია, რომ ჩვენ დაგვაშინოს," - განაცხადა სამოქალაქო აქტივისტმა ანა სუბელიანმა.

დღის ამბები