ჩრდილოეთ კორეის მოსახლეობა ქვეყნის ლიდერის, კიმ ჩენ ინის წონაში მკვეთრი დაკლების გამო დამწუხრებულია. ინფორმაციას ამის შესახებ Reuters-ი ავრცელებს.
ჩრდილოეთ კორეის ერთ-ერთმა მოქალაქემ კიმ ჩენ ინის ბოლო საჯარო გამოჩენის შემდეგ სახელმწიფო მედიას განუცხადა, რომ მოქალაქეები "გულნატკენები" არიან.
კიმ ჩენ ინის ჯანმრთელობაზე კომენტარი მას შემდეგ გაკეთდა, რაც უცხოელმა ანალიტიკოსებმა ივნისის დასაწყისში აღნიშნეს, რომ ავტოკრატმა ლიდერმა წონაში მკვეთრად დაიკლო.
ჩრდილოეთ კორეის სახელმწიფო მედია ქვეყნის ლიდერის წონაში მკვეთრი კლების მიზეზებზე არ საუბრობს.
გასული წლის დასაწყისში კიმ ჩენ ინის ჯანმრთელობის შესახებ არაერთი ინფორმაცია მას შემდეგ გავრცელდა, რაც ქვეყნის ლიდერი 15 აპრილს სახელმწიფოს დამფუძნებლის, კიმ ირ სენის დაბადების წლისთავს არ დაესწრო და მხოლოდ მაისის დასაწყისში გამოჩნდა საზოგადოებაში.