"თბილისი პრაიდის" ღონისძიებამდე რამდენიმე დღით ადრე, ევროპარლამენტის 28 წევრის მიმართვა თბილისს - ევროპელი დეპუტატები შინაგან საქმეთა მინისტრს მოუწოდებენ დაიცვას "თბილისი პრაიდის" გამოხატვის თავისუფლება და უსაფრთხოება.
ევროპიდან მიღებული წერილი იმ ძალადობრივი განცხადებების ფონზე გავრცელდა, რაც საქართველოში ისმის - სასულიერო პირების ჰომოფობიური გზავნილები და ლევან ვასაძის მოწოდება სტამბოლიდან.
ფონდის ”ევროპელი ქალები საერთო მომავლისთვის” საქართველოს ოფისის კოორდინატორი იდა ბახტურიძე აცხადებს, რომ საზოგადოებამ უნდა ჩააბაროს ტესტი ქვეყანასთან ერთად, რომელიც ლგბტ თემის უფლებებზე გადის.
სამოქალაქო აქტივისტი გიგა მაქარაშვილი აცხადებს, რომ პრაიდზე საერთაშორისო ორგანიზაციების და ელჩების დიდი უმრავლესობა დაესწრება.
"ხელისუფლებას მოუწევს არჩევანი გააკეთოს, ამ ბნელ ძალებს აცემინებს ამ ხალხს, თუ დაიცავს და მერე ვერ გამოიყენებს არჩევნებისთვის ვასაძეს და ეკლესიას, რომელსაც, ვხედავთ, რომ კოჭს უგორებს,"- აცხადებს მაქარაშვილი.
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარე ნიკა სიმონიშვილი აცხადებს, რომ მხარს უჭერს აქციას და თუ რაიმე ინციდენტს ექნება ადგილი, ასოციაცია იურიდიულ დახმარებას გაუწევს იქ მყოფ ადამიანებს.