სახალხო დამცველმა ნინოწმინდა უკვე დატოვა. ნინო ლომჯარია პანსიონში რამდენიმე თანამშრომელთან და ფსიქოლოგთან ერთად იმყოფებოდა. შედგა შეხვედრა ბენეფიციარებთან, რომლის დასრულების შემდეგაც ომბუდსმენმა მედიასთან კომენტარი გააკეთა.
"რა თქმა უნდა, იყო გარკვეული გაუცხოება ბავშვების მხრიდანაც, გარკვეული ცრუ წარმოდგენები ან შიშები, ამიტომ, დღევანდელი ვიზიტის მთავარი დანიშნულება იყო, რომ ჩვენ გავცნობოდით ბავშვებს, შევსულიყავით მათთან კონტაქტში. პირველ რიგში, ალბათ, დოკუმენტაცია იქნება მოსაწესრიგებელი, იმიტომ რომ საკმაოდ ბევრია და ცოტა ქაოტურად არის და ერთი დღე ალბათ არ არის საკმარისი იმისთვის, რომ ყველაფერს გავეცნოთ. პირველადი რეკომენდაცია არის ის, რომ ეს ყველაფერი უნდა მოწესრიგდეს და გავაგრძელებთ ვიზიტებს.
მე დღეს დავინახე სრული მზაობა, რომ ყველანაირი რეკომენდაცია იყოს გათვალისწინებული,“ - აცხადებს ნინო ლომჯარია.
კომენტარი გააკეთა ნინოწმინდის პანსიონის ახალმა მმართველმა, ბოდბელმა ეპისკოპოსმა იაკობმაც.
"ყველაფერს გავითვალისწინებთ და შევეცდებით, რომ საჩვენებელი გავხადოთ. მთავარ პრობლემაზე, რაც უფრო მალე ავაშენებთ მცირე ზომის საცხოვრისებს, ამას ვხედავ, სხვას არაფერს. სიტუაცია გამოსწორებულია, უბრალოდ დიდი ზეწოლა იყო აქაურობაზე ორი თვე. იმანაც იმოქმედა, რომ ორი თვე რომ ტყვეობაში იყვნენ, გარეთ ვერ გამოდიოდნენ, გაუცხოებულები იმიტომ არიან. მაგრამ შედარებით შემოდიან უკვე ყველასთან კონტაქტში და მე ვფიქრობ, შემდეგ შეხვედრებზე მეტად გახსნილები იქნებიან,“ - აცხადებს ბოდბელი ეპისკოპოსი.