"თბილისი პრაიდის კვირეულის" ღონისძიებების ჩამონათვალი, მონაწილეების მსგავსად, მრავალფეროვანია, თუმცა ერთი პრინციპი ყველას აერთიანებს - არ არის ცნობილი, სად და რა დროს გაიმართება აქტივობები. გასაიდუმლოების მიზეზი უსაფრთხოებაა. გამონაკლისი მხოლოდ "ღირსების მარშის" სახელწოდებით დაანონსებული ღია გამოსვლაა, თუმცა, ამ შემთხვევაში, ლგბტ თემის წარმომადგენლები მარტო არ იქნებიან. თანაორგანიზატორებს და მხარდამჭერებს შორის არაერთი არასამთავრობო ორგანიზაციაა.
ვრცელია იმ ჯგუფების ჩამონათვალიც, ვინც ღიად ამბობს, რომ "თბილისი პრაიდის" ჩატარებას არ დაუშვებს.
"ღირსების მარშის" მოწინააღმდეგეებს, "თბილისი პრაიდის" პარალელურად, აქტიური სამზადისი აქვთ. შეკრების ორგანიზების გარდა, ისინი 4 ივლისის საღამოდან ქალაქის მთავარ გამზირზე კარვების გაშლას და მორიგეობას გეგმავენ.
პრაიდის საწინააღმდეგო გამოსვლას მხარდაჭერა რამდენიმე ეპისკოპოსმა გასული დღეების განმავლობაში უკვე გამოუცხადა, თუმცა სასულიერო პირების მოსაზრებები მაინც ორად იყოფა. ნაწილი ფიქრობს, რომ დაპირისპირება და გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვა დაუშვებელია.
კვირეულის განმავლობაში პრაიდის მომხრეებისა და მოწინააღმდეგეების, მათ შორის, სასულიერო პირების ქცევას განსაკუთრებული ინტერესით შეისწავლის სახალხო დამცველის აპარატი.
ძალადობის წინააღმდეგ პრევენციული ღონისძიებების გატარებისკენ პირადად შინაგან საქმეთა მინისტრს მოუწოდებს ევროპარლამენტის 28 წევრი.