19 ნოემბერი 2024,   22:34
ვრცლად
მწერლების ნაწილი "საბას" წინააღმდეგ - რა პრეტენზიებია მთავარი ლიტერატურული კონკურსის წინააღმდეგ

ყოველწლიურ მთავარ ლიტერატურულ მოვლენას, პრემია "საბას" მწერალთა ნაწილი დაუპირისპირდა. "საბას" ნომინანტთა მოკლე სია გამოქვეყნდა, რასაც სოციალურ ქსელში პროტესტი მოჰყვა. მწერლების უკმაყოფილების მიზეზი იმ წიგნების ჩამონათვალია, რომელიც საფინალო 8 ნომინაციაში დასახელდა.

მწერალთა ნაწილი მიიჩნევს, რომ კონკურსი კარიკატურას დაემსგავსა:

"უკვე თავის კარიკატურას და ჩრდილს ემსგავსება და მე, როგორც მისი გულშემატკივარი, ვცდილობ მოყვარეს პირში უძრახეს პრინციპით იმ პრობლემებზე ღიად ვისაუბრო, რაც წლების განმავლობაში დაგროვდა," - აცხადებს მწერალი თეონა დოლენჯაშვილი.

მწერალი ბექა ქურხული მიიჩნევს, რომ კონკურსი თანდათან უფრო დისკრედიტირებული ხდება:

"აქ არ არის ლაპარაკი კონკრეტულ პრემიაზე, კონკრეტულ საბაზე, აქ არის ლაპარაკი ძალიან დამახინჯებულ სივრცეზე, რომელსაც ჰქვია "საბა" და ყოველ წელს უფრო და უფრო უცნაურ რაღაცებს სჩადის და უფრო და უფრო დისკრედიტირებული ხდება, რაც გულდასაწყვეტია," - განაცხადა ბექა ქურხულმა.

"საბას" წარმომადგენლები აცხადებენ, რომ იმ მწერლების პროტესტი, რომლებიც სიაში ვერ მოხვდნენ, მათთვის უცხო არაა და არ ეთანხმებიან პრეტენზიას, რომ მთლიანი ჟიური არაკომპეტენტურია ან არაკეთილსინდისიერი:

"ვიღაცა კონკრეტული ადამიანი შეიძლება პირადად არ გესიმპათიურებოდეს და შეიძლება არ მიგაჩნდეს კომპეტენტურად, მაგრამ ის, რომ 5 კაციანი ჟიური მთლიანად არაკომპეტენტურად მიგაჩნდეს ძალიან ძნელია მართლა, იმიტომ, რომ იქ არ არის ისეთი შემადგენლობა, რომ მიგაჩნდეს, აი ეს ხუთივე ადამიანი ან უუნაროა წიგნის შეფასებაში ან იმდენად არაკეთილსინდისიერია, ასეთი რამე არის გამორიცხული,"- აცხადებს მთარგმნელი ხათუნა ცხადაძე.

ლიტერატურული პრემია "საბას" ჟიურიმ 7 ნომინაციის ფინალისტები დაასახელა. "წლის საუკეთესო ქართული თარგმანის" ნომინაციის ფინალისტების ვინაობა მოგვიანებით, ივლისში გახდება ცნობილი. 

რაც შეეხება ნომინაციას "ლიტერატურის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის" - გამარჯვებული, ტრადიციულად, ფინალისტების დასახელების გარეშე, უშუალოდ დაჯილდოების ცერემონიაზე გახდება ცნობილი


​წლის საუკეთესო ლიტერატურული დებიუტი:

ირინე ტაბაღუა -"ტელეფას ცხვარი" (ინტელექტი)

ნანა აბულაძე - "აკუმი" (ინტელექტი)

კახაბერ მელითაური - "მოგზაურობა ნამცეცებს შორის" (ნოდარ დუმბაძის გამომცემლობა და ლიტერატურული სააგენტო)

ნიკოლოზ ცისკარიშვილი - "ცეცხლისწამკიდებელი" (პალიტრა L)

ნათია აბრამიშვილი - პრიმო ლევის "პერიოდული სისტემა" (დიოგენე)


წლის საუკეთესო ლიტერატურული კრიტიკა:

ნანა ტრაპაიძე- "ლიტერატურა ლიტერატურის შესახებ" (ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის გამომცემლობა)

ნინო დიანოსაშვილი - "შეშლილი სიშმაგე თუ შმაგი შეშლილობა?! ლისამანია ევრიპიდეს ტრაგედიებში: "ბაკქი ქალები", "ჰერაკლე", "ორესტესი" (ლოგოსი)

გიორგი კაკაბაძე, "რისი თქმაც მინდა!" (პეგასი)

ლევან ბრეგაძე- "პოსტმოდერნიზმი ქართულ მწერლობაში" (არტანუჯი)

 

წლის საუკეთესო პიესა:


ლაშა ბუღაძე - "ანტიმედეა" (არტანუჯი)

პაატა ციკოლია -"მედეა s01e06" (saba.com.ge)

 

წლის საუკეთესო ესეისტიკა და დოკუმენტური პროზა:


არჩილ ქიქოძე - "ნორვეგიული დღიური" (სულაკაურის გამომცემლობა)

ბიძინა მაყაშვილი - "მხიარული მუსიკა სევდიან ეპოქაში ანუ ბლუზი მტკვრის პირას" (სულაკაურის გამომცემლობა)

მარიამ ხუცურაული - "მარილი გემოვნებით" (პალიტრა L)

გიგი ხორნაული - "ცხოვრება ვაჟა-ფშაველასი" (მწიგნობარი)

გიორგი ლობჟანიძე - "ჩემი ფანჯრებიდან" (არტანუჯი)

გელა ჩარკვიანი - "ENGLISH -როგორ ვისწავლე და როგორ ვასწავლიდი" (არტანუჯი)

ხასო ხანგოშვილი - "ქისტები (100 ამბავი)" (არტანუჯი)

 

წლის საუკეთესო პროზაული კრებული:

რუსუდან რუხაძე - "სიყვარულის წონა" (ინტელექტი)

გიორგი სოსიაშვილი - "ოთხი მოთხრობა" (გორის უნივერსიტეტის გამომცემლობა)

ალეკო შუღლაძე - "ლაბირინთი მანუელისთვის" (პალიტრა L)

 

წლის საუკეთესო პოეტური კრებული:

ნუგზარ ზაზანაშვილი - "წავა წავა წავა წავა" (ინტელექტი)

თეა თოფურია - "რატომ არ ხვდებიან ძაღლები სამოთხეში?" (saba.com.ge)

ბესიკ ხარანაული - "ეჰ, ბესარიონ" (ინტელექტი)

ეკა ქევანიშვილი - "ღარიბების ტრანსპორტი არსად გაჩერდება" (ინტელექტი)

ნათია გიორგაძე - "ხმის მატარებელი" (ინტელექტი)

ბელა ჩეკურიშვილი - "ნანას ცხენი" (ინტელექტი)


წლის საუკეთესო რომანი:

თამთა მელაშვილი - "შაშვი შაშვი მაყვალი" (სულაკაურის გამომცემლობა)

ეკატერინე ტოგონიძე -"შინ-შენ" (სულაკაურის გამომცემლობა)

ივა ფეზუაშვილი - "ბუნკერი" (ინტელექტი)

შოთა იათაშვილი - "დამწყები" (პალიტრა L)

 

ავტორი: მარიამ ჯანელიძე

დღის ამბები