იურისტმა გოგა ხატიაშვილმა "ღამის კურიერის" ეთერში ისაუბრა, თუ რა უფლებები შეიძლება ჩამოერთვას ადამიანს, რომელიც არასრულწლოვანთან სექსუალური ხასიათის დანაშაულისთვის იქნება მსჯავრდებული.
მისი თქმით, ასეთ ადამიანებს გარკვეული ტიპის დაწესებულებებში მუშაობა სამუდამოდ ეკრძალებათ.
"როდესაც პირი იქნება მსჯავრდებული სქესობრივ დანაშაულში, შესაძლებელია სასამართლომ მას გარკვეული უფლებები ჩამოართვას. მაგალითად: საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება, იმ ტერიტორიასთან 30 მეტრზე მიახლოების უფლება, სადაც არასრულწლოვანი იმყოფება, არასრულწლოვანთან ერთად ცხოვრების უფლება.
ამას წყვეტს მოსამართლე ინდივიდუალურ შემთხვევაში, თუმცა განსაზღვრულია მთელი რიგი დაწესებულებები და მიუხედავად იმისა, მოსამართლე ამ უფლებას ჩამოართმევს თუ არა, მსჯავრდებული ვერასოდეს დასაქმდება ასეთი ტიპის დაწესებულებაში, მაგალითად - სკოლაში, საბავშვო ბაღში, ძალადობის მსხვერპლთა თავშესაფრებსა და კრიზისულ ცენტრებში. ასეთი ტიპის დაწესებულებებს ევალებათ, სანამ ადამიანს დაასაქმებენ, სხვა საბუთებთან ერთად, მოსთხოვონ ნასამართლობის ცნობა,"- განმარტავს იურისტი.