03 ოქტომბერი 2024,   17:27
ვრცლად
ზუგდიდში აფეთქების შედეგად 32 წლის ზვიად ლაგვილავა გარდაიცვალა

კრიმინალისტები ზუგდიდში წუხელ მომხდარი აფეთქების მიზეზებს ადგენენ.

სუს-ის სპეციალური ღონისძიებების სამმართველოს დემონტაჟი უკვე დასრულებულია. სპეციალისტების თქმით, ამის აუცილებლობა გამოწვეული იყო იმით, რომ არ მომხდარიყო პირველი სართულის ნგრევაც.

ექსპერტებმა შემთხვევის ადგილზე მუშაობა დაასრულეს, შენობასთან ამ დრომდე მობილიზებულია სამაშველო სამსახურები და პოლიცია.

შსს-ს მაღალჩინოსნები ადგილზე ასაფეთქებელი ნივთიერების კვალის არსებობას  გამორიცხავენ. მიუხედავად ამისა, გამოძიება სხვადასხვა ვერსიაზე კვლავ მუშაობს.

ზვიად ლაგვილავას ცხედარი გვიან ღამით პროზექტურაში გადაასვენეს, სადაც მას ექსპერტიზა ჩაუტარდა, ცოტა ხნის წინ კი ის ისევ ზუგდიდში გადაასვენეს.

შეგახსენებთ, რომ აფეთქების ხმა გორის ქუჩაზე ღამის 2 საათზე გაისმა. აფეთქების შედეგად, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სპეციალური ღონისძიებების სამმართველოს შენობის მეორე სართული ჩამოინგრა. ამ დროს შენობაში სამმართველოს ერთი თანამშრომელი იმყოფებოდა. ნგრევის შედეგად, ის ადგილზე გარდაიცვალა.

გარდაცვლილი 32 წლის ზვიად ლაგვილავაა. ის სუს-ის სპეციალური ღონისძიებების სამმართველოს მეორე განყოფილების სამსახურის უფროსი იყო.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, შენობის ჩამონგრევა წყლის ავზის აფეთქებამ გამოიწვია. საბოლოო დასკვნა ექსპერტიზის დასრულების შემდეგ გახდება ცნობილი.

ამავე თემაზე
დღის ამბები