03 ოქტომბერი 2024,   17:24
ვრცლად
მასწავლებელთა პროფესიული განვითარებისა და კარიერული ზრდის სქემის განხილვა დაპირისპირებით დასრულდა

განათლებისა და მეცნიერების  კომიტეტის სხდომა პარლამენტში ხმაურის ფონზე ჩატარდა. კომიტეტის წევრებმა "ზოგადი განათლების შესახებ" კანონში ცვლილებების ორი ვარიანტი განიხილეს. ერთი სამინისტრომ წარადგინა, მეორე კი თავად კომიტეტის მიერ იყო მომზადებული.

საქმე ეხება ე. წ. სქემის შექმნას, რომლის მიხედვითაც მასწავლებლები რამდენიმე კატეგორიად დაიყოფიან.

დაპირისპირება განხილვაზე „საკონსულტაციო ცეტრის“ წარმადგენლის მიერ კითხვის დასმის მოთხოვნას მოჰყვა.

ტატო შავშიშვილსა და ზაზა პაპუაშვილს შორის დარბაზში დაწყებული კამათი კომიტეტის წევრებს შორის დერეფანში დაპირისპირებით გაგრძელდა.

სხდომას სამინისტროს მიერ გათავისუფლებული 53-ე და 51-ე სკოლების დირექტორებიც ესწრებოდნენ, რომლებიც აცხადებენ, რომ ახალი სქემის დანერგვა სკოლებში ნეპოტიზმსა და კორუფციას შეუწყობს ხელს.

დავით ლაგვილავას თქმით, ეს არის არაკომპეტენტური ადამიანების მიერ შედგენილი დოკუმენტი, რომლებსაც, სავარაუდოდ, საერთოდ არ უმუშავიათ სკოლაში.

ყოფილი დირექტორი აცხადებს, რომ სქემის სკოლაში დანერგვის შემთხვევაში, არსებობს სერიოზული რისკი, რომ სამინისტრომ  სკოლებიდან დაითხოვოს მათთვის არასასურველი პედაგოგები.

„საგანმანათლებლო ალიანსის“ წარმომადგენლები, რომლებიც წარსულში 51-ე და 53-ე სკოლებს ხელმძღვანელობდნენ, აცხადებენ, რომ სხდომაზე მათ შეგნებულად არ მიეცათ კითხვის დასმის საშუალება.

განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველი მოადგილე ქეთევან ნატრიაშვილი კი ოპონენტების ბრალდებებს იმით ხსნის, რომ ისინი სქემას არ იცნობენ და ამიტომ აკეთებენ მსგავს განცხადებებს.

მისი თქმით, დოკუმენტის მიზანია სკოლა უზრუნველყოფილი იყოს  მაღალკვალიფიციური კადრებით და გათვალისწინებული იყოს პედაგოგის ინტერესი, მისი კვალიფიკაცია და დაფასდეს მასწავლებლის შრომა.

განათლებისა და მეცნიერების კომიტეტზე წარდგენილ 2 დოკუმენტს შორის განსხვავება და მთავარი სადავო საკითხი პედაგოგებისთვის სტატუსის მინიჭების თემაა. მხარეები ვერ თანხმდებიან, ვინ განახორციელებს ამ პროცესს, სამინისტრო და მისი უწყებები თუ თავად სკოლა.

კომიტეტის სხდომა კონკრეტული გადაწყვეტილების გარეშე დასრულდა. ხმაურიანი განხილვის შემდეგ მხარეები მომავალ კვირაში კენჭისყრის გამართვაზე შეთანხმდნენ.

 

დღის ამბები