03 ოქტომბერი 2024,   17:26
ვრცლად
"შსს-ს რჩება წვდომა ინფორმაციაზე, რომელიც ხშირად შანტაჟისთვი გამოიყენება," - უჩა ნანუაშვილი

ფარულ მოსმენებზე წვდომის ე.წ. გასაღების შსს დატოვებას კატეგორიულად მიუღებლად მიიჩნევს სახალხო დამცველი.

უჩა ნანუაშვილი დღეს პარლამენტში მიმდინარე განხილვას გამოეხმაურა და თქვა, რომ პარლამენტი ტოვებს ძველ ფორმას, როდესაც შსს უტოვებს შეუზღუდავ წვდომას ინფორმაციასთან, რომელიც ხშირად გამოიყენება, როგორც შანტაჟის იარაღი.

„კატეგორიულად მიუღებლად მივიჩნევ ცვლილებების შემუშავების ვადის გადაწევას. სრულყოფილად დამუშავებული, საკანონმდებლო ცვლილებების მიღების მოტივით გრძელდება ის მანკიერი საკანონმდებლო პრაქტიკა, რომელიც მოწმეთა დაკითხვის წესის გადავადებისას დაიწყო და საფუძვლად სახელმწიფო ინსტიტუტების უუნარობა უდევს. შსს ინარჩუნებს შეუზღუდავ წვდომას ინფორმაციასთან, რომელიც ადამიანის კერძო ცხოვრების სფეროს განეკუთვნება და ხშირ შემთხვევაში გამოიყენება არა დანაშაულთა ბრძოლის, არამედ ადამიანთა შანტაჟის იარაღად,“ - აცხადებს უჩა ნანუაშვილი.

ფარულ მოსმენებზე წვდომის ე.წ. გასაღები კვლავ შინაგან საქმეთა სამინისტროს რჩება. საკითხთან დაკავშირებით პარლამენტში აზრთა სხვადასხვაობაა, რის გამოც კანონპროექტის განხილვა, შესაძლოა, რამდენიმე თვით გადაიდოს.

დღის ამბები