26 აპრილი 2024,   15:33
ვრცლად
რუსეთის თავდაცვის დოქტრინა და კრემლის აგრესიული პოლიტიკა - რა საკითხებზე ისაუბრეს ექსპერტებმა ევროპარლამენტის თავდაცვის კომიტეტზე

აღმოსავლეთ პარტნიორების ქვეყნების მიმართ ევროპარლამენტის თავდაცვის კომიტეტზე, რუსეთის თავდაცვის დოქტრინა და კრემლის აგრესიული პოლიტიკა განიხილეს. სპეციალურად მოწვეულმა ექსპერტებმა, ანგარიში ამ თემაზე წარადგინეს და ევროდეპუტატებს, რუსეთიდან მომდინარე საფრთხეებთან დაკავშირებით, თავიანთი ხედვა გაუზიარეს.

"მეზობელი ქვეყნების ანექსიისა და ოკუპაციის პარალელურად, რუსეთი აქტიურ ჰიბრიდულ ომს აწარმოებს აღმოსავლეთ პარტნიორობის წევრ ქვეყნებთან,"- ასეთია ექსპერტების მოსაზრება. 

ასევე, გამოიკვეთა ბოლო დროის ახალი ტენდენცია იმასთან დაკავშირებით, რომ რუსეთს სურს, სრული სამხედრო გავლენა იქონიოს შავ ზღვაზეც. 

რა ბერკეტები აქვს ევროკავშირს, დაიცვას თავისი წევრი ქვეყნები რუსეთის აგრესიისგან - ექსპერტების აზრით, შესაძლოა, სანქციების უფრო ეფექტური გამოყენება და ერთიანი სტრატეგიული გეგმა. 

"რუსეთის აგრესია პირდაპირ კავშირშია ევროატლანტიკურ მისწრაფებებთან, რუსეთისთვის წითელ ხაზს წარმოადგენს საქართველოსა და უკრაინის სურვილი, გახდნენ არამარტო NATO-ს, არამედ ევროკავშირის წევრები. შეკითხვაზე, თუ როგორ უნდა აგოს პასუხი რუსეთმა ამ აგრესიაზე, ვფიქრობ, ბერკეტი ბევრია - დაწყებული სანქციებიდან, ასევე ე.წ. მაგნიცკის სიის ეფექტურად გამოყენება," - აცხადებს ექსპერტი მარინა ვოროტნიუკი.

ევროპარლამენტარები კი, ექსპერტებს ეთანხმებიან და ამბობენ, რომ რუსეთი საფრთხეს წარმოადგენს თავად ევროკავშირისთვისაც. მათი აზრით, მხარი ევროკავშირმა აღმოსავლეთ პარტნიორობის წევრ ქვეყნებს მხარი უნდა დაუჭიროს, განსაკუთებით მათ, ვისაც რაც შეიძლება მალე სურს გაწევრიანება ევროკავშირში. ამისათვის კი, რიგ ევროპარლამენტარებს ინიციატივა აქვთ, რომ დეკემბერში, როდესაც ბრიუსელში სამიტი გაიმართება, ბელარუსის დემოკრატიული ოპოზიციის წარმომადგენლები მიიწვიონ:

"ნათელია, რომ რუსეთი ემუქრება მშვიდობას ევროპაში. აღსანიშნავია, რომ სამეზობლოში არაერთი გეოპოლიტიკური კრიზისის დროს, ევროპის ხმა საკმაოდ სუსტი იყო. საჭიროა ევროკავშირმა უფრო მკაფიოდ ისაუბროს ეკონომიკურ საკითხებზე, დააწესოს სანქციები გაბედულად და თანმიმდევრულად,"- აცხადებს ევროპარლამენტარი სანდრა კალნიეტე.

"შეხედეთ რუსეთში სოციალურ-ეკონომიკურ ვითარებას, სრულ უმწეობას, მოსახლეობის ნაწილს კი, მაინც მოსწონს რუსეთის მკვეთრი პოლიტიკური ხაზი მეზობლების მიმართ, როგორც დადასტურება, თითქოს რუსეთი თანამედროვე და ძლიერი ქვეყანაა. მინდა მათ, ვინც ასე თვლის იმედი გავუცრუო - ყველაფერი პირიქითაა, თქვენ გატყუებენ, პოლიტიკური ელიტები კორუმპირებულები არიან, ფულს გპარავენ, თქვენ კი არაფერს გიტოვებენ,"- აღნიშნავს ევროპარლამენტარი პეტრს ავსტრიევიჩუსი.

დღის ამბები