საქართველო კორონავირუსის მეხუთე ტალღის პიკის მოლოდინშია - 2 141 ინფიცირებული და 44 გარდაცვლილი ბოლო 24 საათში. ლეტალობა ისევ მაღალია, ინფიცირების შედარებით დაბალი მაჩვენებელი კი, კვირა დღეს ჩატარებული ტესტების რაოდენობის სიმცირით იხსნება. ექიმები შიშობენ, რომ მალე საავადმყოფოებში თავისუფალი საწოლები აღარ იქნება.
იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი ივანე ჩხაიძე აცხადებს, რომ გრიპითა და კორონავირუსით ერთდროულად ინფიცირებული პაციენტების გართულებების, ჰოსპიტალიზაციისა და მძიმე მიმდინარეობის რისკები ძალიან მაღალი იქნება. მედიკოსის თქმით, აღნიშნული პერიოდი შესაძლოა ნოემბრის პირველივე ნახევრში დაიწყოს.
"ადამიანი, რომელიც ერთდროულად იქნება ინფიცირებული გრიპითა და კორონავირუსით, ამ ადამიანებში გართულებების, საავადმყოფოში მოხვედრისა და მძიმე მიმდინარეობის რისკები ძალიან მაღალია. ეს პერიოდი ჩვენ სავარაუდოდ შესაძლებელია დაგვეწყოს ნოემბრის პირველი ნახევრიდანვე, ვინაიდან სწორედ ნოემბერი-მარტი არის საქართველოში რესპირაციული ვირუსული ინფექციების მატების პერიოდი, ამიტომ ვთვლით, რომ გრიპის ვაქცინაცია აუცილებელია, განსაკუთრებით ეს ეხება რისკის ჯგუფებს. გრიპის ვაქცინა ირიბად იცავს კორნავირუსით ინფიცირებისგან," - განაცხადა ივანე ჩხაიძემ.
მედიცინის დოქტორის, ციციშვილის სახელობის ბავშვთა ახალი კლინიკის სამედიცინო დირექტორის მაია ჩხაიძის განცხადებით, მომართვიანობა მომატებული არ არის, ხოლო უკიდურესად მძიმე პაციენტი ციციშვილის ბავშვთა ახალ კლინიკას არ ჰყავს.
"განსაკუთრებულად მომართვიანობა არ არის მომატებული. უკიდურესად მძიმე და მართვით სუნთქვაზე მყოფი პაციენტი არ გვყავს რეანიმაციაში, ამჟამად 2 ადგილი არის რეანიმაციაში თავისუფალი და დაახლოებით ნახევარი ამ ეტაპზე ბავშვების არის წლამდე ასაკის.
რაც შეეხება მშობლების აცრის სტატუსს, ამჟამად გვყავს 7 პაციენტი, რომელიც არის აცრილი ორჯერადად, ამათგან ორს აქვს კორონავირუსული ინფექცია, 3-ს არა აქვს, უბრალოდ კონტაქტები არიან და თავდგმურის სახით არიან კლინიკაში," - განაცხადა მაია ჩხაიძემ.